ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მარტი 2, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ, აკადემიის აკადემიკოს – მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე და აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კომისიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობისა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
კომისიის სხდომაზე მოხსენებით – „ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოება წყალდიდობებისაგან“ გამოვიდა აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.
პრეზენტაციაში მომხსენებელმა განიხილა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმისა და იქ განთავსებული ბაღ-პარკის ტერიტორიის წყალდიდობებისაგან დაცვის საინჟინრო-ინოვაციური ღონისძიებები.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ნაგებობების არსებული მდგომარეობა და ტერიტორიის მეტეო-კლიმატური პირობები, ასევე, ჩატარებული ლაბორატორიული-სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეფასებული იყო ნიადაგ-გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.
აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა აღნიშნა, რომ სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულია სამეცნიერო-საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე ზედაპირული წყლებისა და გრუნტის წყლების კომპლექსური ლაბორატორიული სამეცნიერო კვლევები.
მუზეუმის ტერიტორიაზე წყლით დატბორილი სიღრმეებიის გაანგარიშებისათვის დადგენილია ზედაპირული წყლის ნაკადების ძირითადი ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური პარამეტრები წვიმის მაქსიმალური ინტენსივობის მხედველობაში მიღებით.
ჩატარებული სამეცნიერო და ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღ-პარკის ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით ზედაპირული წყლების რეგულირებისათვის დაპროექტებულია წყალარინების სისტემა, ხოლო გრუნტის წყლების მოცილებისათვის კი სადრენაჟო სისტემა, რაც ობიექტის წყალდიდობებისაგან დაცვის საშუალებას იძლევა. მომხსენებელმა პრეზენტაციის დროს წარმოადგინა საპროექტო ღონისძიებების ფინანსური მაჩვენებლები.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დამსწრე მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.











