ხელოვნური ინტელექტი, ენობრივი ტექნოლოგიები და ციფრული სუვერენიტეტი

ხელოვნური ინტელექტი, ენობრივი ტექნოლოგიები და ციფრული სუვერენიტეტი

  • მარტი 7, 2026

მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ხელოვნური ინტელექტი, ენობრივი ტექნოლოგიები და ციფრული სუვერენიტეტი“ წარსდგა კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვანელი, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი რატი სხირტლაძე. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ციფრული სუვერენიტეტი, მისი არსი და გამოწვევები; ფრანგული მოდელი – 60-წლიანი გაკვეთილი; საქართველოსთვის გამოტანილი გაკვეთილები და სხვ.

მომხსენებლის თქმით, ციფრული სუვერენიტეტი განიმარტება, როგორც სახელმწიფოს უნარი, დამოუკიდებლად მართოს თავისი მონაცემები, ენა, ალგორითმები და ციფრული ინფრასტრუქტურა – უცხოურ პლატფორმებზე სრულად დამოკიდებულების გარეშე. მისი ოთხი ძირითადი სვეტია: ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, მოქალაქეთა მონაცემების დაცვა, ადგილობრივი ენის AI ტექნოლოგიების განვითარება და ადგილობრივი ტექ-ინდუსტრიის ჩამოყალიბება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქართული ენა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას: მხოლოდ 3.7 მილიონი მოსაუბრე, ინტერნეტ-კონტენტის 0.01%-ზე ნაკლები წილი გლობალურ ციფრულ სივრცეში და მორფოლოგიური სირთულე ქმნის ჩაკეტილ წრეს: AI-ს სუსტი განვითარება ამცირებს მის გამოყენებას, ეს კი თავის მხრივ ამცირებს ინვესტიციებს მისი განვითარებისთვის, ინვესტიციების არარსებობა კი ენის ციფრული სიკვდილის პირდაპირი მიზეზი ხდება. ამ კონტექსტში, ციფრულ ეპოქაში,  ენა და მონაცემი ისეთ ფუნქციას ასრულებს, რასაც XX საუკუნეში მიწა და სახელმწიფო საზღვარი ასრულებდა.

რატი სხირტლაძის განმარტებით, საქართველოს კონტექსტისათვის ყველაზე საინტერესო მოდელია საფრანგეთი. 1966 წლიდან, დე გოლის ეპოქიდან მოყოლებული, ქვეყანამ შეინარჩუნა ენობრივი პოლიტიკის უწყვეტობა 60 წლის განმავლობაში. 1994 წელს ტუბონის კანონმა ფრანგული ენა სავალდებულო გახადა კომერციასა და განათლებაში. ცენტრალური კოორდინატორის, DGLFLF-ის, ხელმძღვანელობით (€6 მლნ/წელი, 40 თანამშრომელი) ჩამოყალიბდა ინტერ-სამინისტრო სისტემა, რომელიც ფარავს 75 ენას  და სისტემურად ქმნის ახალ ტერმინოლოგიას.

2018 წლიდან დღემდე საფრანგეთმა AI-ს განვითარება €3+ მილიარდით დაასუბსიდირა სამ ფაზად. პირველ ფაზაში შეიქმნა 4 AI ინსტიტუტი და Jean Zay სუპერკომპიუტერი (126 petaflops); მეორე ფაზაში  – 9 AI კლასტერი და 2022 წლის ფლაგმანი პროექტი BLOOM: 176 მილიარდი პარამეტრის, 46-ენოვანი, 100%-ით ღია კოდის LLM – პასუხი OpenAI GPT-3-ზე. BLOOM-ის ეკოსისტემიდან გაიზარდა Mistral AI (€2 მლრდ ღირებულება) და Hugging Face ($4.5 მლრდ ღირებულება). 2024 წელს საფრანგეთი AI ინვესტიციებით ევროპაში პირველ ადგილზე არის.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც რატი სხირტლაძემ აღნიშნა, ფრანგული გამოცდილება სამ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის: პირველი – ენის დაცვა არამარტო კულტურული, არამედ ეკონომიკური და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. მეორე – აუცილებელია გრძელვადიანი დაგეგმარება; საჭიროა ეროვნული სტრატეგია 2025–2045, არ კმარა 4-წლიანი სამთავრობო პროგრამები. მესამე – არადომინანტური ენებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას  აუცილებლად სჭირდება სუბსიდირება.

ფრანგული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება იყოს: ერთი მაკოორდინირებელი ინსტიტუციის შექმნა; 5–10 წლიანი სტაბილური დაფინანსების მექანიზმების შემუშავება; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა; ღია მონაცემთა პოლიტიკა; ეროვნულ სტრატეგიაში, ქართულის გარდა, სხვა ქართველური და კავკასიური ენების დაცვის გათვალისწინება (სვანური, მეგრული, აფხაზური და სხვა ენები), ისევე როგორც საფრანგეთმა 75 ენის დაცვა გააერთიანა ერთ სტრატეგიაში.

მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ელიზბარ ჯაველიძემ, რამაზ ხეცურიანმა, ლია მელიქიშვილმა, რამაზ ხუროძემ, ავთანდილ არაბულმა; წევრ-კორესპონდენტებმა: გია ალიბეგაშვილმა, მაქსიმ იავიჩმა და ჟურნალისტმა ნინო კვიტაიშვილმა.