სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- აპრილი 3, 2026
მიმდინარე წლის 30 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით მედიცინისა და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა შესავალი სიტყვით გახსნა. სხდომაზე მოხსენებით – „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მდგომარეობა საქართველოში“, წარსდგა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერიკო ბაზიარი.
მომხსენებელმა განმარტა, რომ სამი მნიშვნელოვანი ასპექტი იკავებს მთავარ როლს ამ მიმართულებით: იდეოლოგია, ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა. მაგრამ იდეოლოგია განსაზღვრავს ადამიანთა მოტივაციასა და არჩევანს, ანუ რატომ ცდილობენ ადამიანები ოჯახის შექმნას და შვილების ყოლას., სწორედ ეს „სულიერ-კულტურული“ საფუძველი ქმნის გრძელვადიან დემოგრაფიულ ტენდენციებს. ამ მხრივ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სამედიცინო სერვისის ხარისხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა უპირველესი პრიორიტეტია. ამდენად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა განიხილება არა მხოლოდ როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სტრატეგიული განვითარების განმსაზღვრელი მიმართულება, რადგან ჯანმრთელი პოპულაცია იწყება ჩასახვის წუთიდან და ჯანმრთელი ახალშობილი, ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის გარანტიაა.
ამასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბოლო წლების დემოგრაფიულ ტენდენციებზე, კერძოდ — მშობიარობათა რაოდენობის შემცირებაზე და ცოცხალშობილთა რაოდენობის მკვეთრ კლებაზე.
ამავე დროს, მომხსენებელმა მკაფიოდ გამოკვეთა არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკეისრო კვეთების მაღალ მაჩვენებელს, განსაკუთრებით — პირველი საკეისრო ოპერაციების ზრდას და გადაუდებელი საკეისროების არაპროპორციულად მაღალ წილს. ხაზი გაესვა არასაჭირო არა სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების მრავალმხრივ რისკებს, როგორც დედის ასევე ახალშობილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. არსებულ რეალობაში განსაკუთრებით საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ზრდის გართულებების რისკს და მომავალში შეამცირებს ბუნებრივი გზით მშობიარობის შესაძლებლობებს, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს შობადობის საერთო მაჩვენებელზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რადგან ჯერჯერობით ჭირს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, ჯანდაცვის სამინისტრომ იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით 2023 წლიდან დაიწყო იაპონიაში აპრობირებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება. იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო სისტემური რეფორმა მაღალი ხარისხის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით.
დისკუსიის ნაწილში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კომერციული სუროგაციის თემამ, რომელიც ქვეყანაში კვლავ აქტუალურ და საკამათო საკითხად რჩება.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი სასანიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა – რამაზ ხუროძემ, აკადემიკოსმა – ზურაბ ქევანიშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა მიხეილ ოკუჯავამ, პროფესორებმა – ბეჟან წინამძღვრიშვილმა, სოფიო ბახტაძემ, მაია ხერხეულიძემ.









