35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
- აპრილი 9, 2026
2026 წლის 8 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ. საკითხად გამოტანილი იქნა აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“.
როგორც მომხსენებელმა, აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა აღნიშნა, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის კვალობაზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სსრ კავშირიდან საქართველოს გასვლისა და საბჭოთა რუსეთის აგრესიის შედეგად დაკარგული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა.
ამ იდეის განხორციელების მიზნით, ეროვნული ძალების აქტიური მონაწილეობით, 1989-1990 წლებში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა მრავალპარტიული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი უშუალოდ მონაწილეობდა არჩევნების, პოლიტიკური პარტიების და რეფერენდუმის შესახებ ახალი საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და მიღებაში.
ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი, რომელზეც საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
1991 წლის 9 აპრილს მრავალპარტიულმა, დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ, რომელიც ეყრდნობოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის – ზვიად გამსახურდიას წინადადებით, თავის საგანგებო სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი არის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი.
35 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საფუძვლად უდევს თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები (ჩასწორებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მიერ) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მიღება უშუალოდ მონაწილე პირისგან, მათთვის, ვისაც არ გვახსოვს საქართველოს ისტორიის ეს ნაწილი. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი და აღვნიშნო, რომ დღესაც გვიწევს ბრძოლა და ყოველდღე გავდივართ იმ ვიწრო და ეკლიან გზას, რომელიც დღესაც აქტუალურია; დღესაც გვიწევს სუვერენიტეტის დაცვა. აუცილებელია მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ ერთი კარგი ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომიშავე კომისიაში დავიწყეთ, ეს არის „გმირის დღე“. ამ პროექტის მთავარი არსი არის ის, რომ სასკოლო პროგრამის მიღმა ვესაუბროთ ჩვენს ახალგაზრდებს იმ ეროვნულ გმირებზე, იმ ადამიანებზე, იმ ისტორიებზე, რამაც შემოგვინახა ჩვენი ქვეყანა. მე დიდი სიამოვნებით მოგიწვევდით თქვენ ამ პროექტში სასაუბროდ. ჩვენი კომიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა გვექნება თქვენთან“.
დისკუსიაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა, საქართველოს განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა, აკადემიკოსებმა – ლია მელიქიშვილმა, ელიზბარ ჯაველიძემ, ელგუჯა მეძმარიაშვილმა, რამაზ ხეცურიანმა, გიორგი სოსიაშვილმა, მინდია უგრეხელიძემ, მიხეილ ჯიბუტმა, პროფესორმა პაატა სურგულაძემ და სხვ.













