რუმინული პრესტიჟული აკადემიური გამოცემის POLIS პრეზენტაცია

რუმინული პრესტიჟული აკადემიური გამოცემის POLIS პრეზენტაცია

  • აპრილი 18, 2026

მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, აკადემიურ, ყოველკვარტალურ გამოცემა POLIS-ის აკადემიურ პერსონალთან და გამომცემლებთან.  შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, ხოლო სტუმრების მხრიდან იაშის „პეტრე ანდრეის“ უნივერსიტეტის რექტორი, ჟურნალის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი სორინ ბოკანსეა, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი თეოდორა პრეპიპსეანი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი კრისტიან ბოკანსეა, ჟურნალ POLIS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი საბინ დრაგულინი, ქალაქ იაშის „პეტრე ანდრეის“ უნივერსიტეტის სენატის პრეზიდენტი ლავინია მარია პრუტეანუ, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი კიპრიან იფტიმიოაიეი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იოანა დრაგულინი. უცხოელ სტუმრებს თან ახლდათ თსუ ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ერეკლე ასტახიშვილი.

სტუმრობის არსი კი გახლავთ შემდეგში: რუმინეთის ქალაქ იაშის „პეტრე ანდრეის“ უნივერსიტეტის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ საბინ დრაგულინის მხარდაჭერით, რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, აკადემიურ  ყოველკვარტალურ გამოცემა POLIS-ში გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ სამეცნიერო სტატიებისგან შემდგარი სპეციალური პუბლიკაცია. კერძოდ, რუმინეთში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, 15 სამეცნიერო სტატია გაეგზავნა გამომცემელს, რომლებიც ითარგმნა რუმინულ ენაზე და გამოიცა ორენოვანი პუბლიკაციის სახით. აღნიშნულ ჟურნალში ასევე წარმოდგენილია რუმინელი მეცნიერების სტატიები და ორი ინტერვიუ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან  და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან   ელჩთან თამარ ბერუჩაშვილთან. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რუმინული ჟერნალის რედკოლეგიის წევრები არიან აკადემიკოსები ჯაბა სამუშია და ავთანდილ სილაგაძე.

რუმინეთის აკადემიური პერსონალისგან შემდგარი დელეგაცია თბილისს ხუთი დღით ესტუმრა, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები იმყოფებოდნენ თსუ-ში, სადაც გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმს.

თავის გამოსვლაში აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ ყურადღება გაამახვილა რუმინეთ-საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებზე, რომელსაც საწყისი ჯერ კიდევ XVII და XVIII საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის პერიოდში.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მოხარულები არიან საქართველოში ვიზიტით და ჩვენთან თანამშრომლობით. სამეცნიერო დიპლომატია განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მაისში რუმინული უნივერსიტეტი აწყობს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც თანამშრომლობისთვის იწვევენ თსუ-ს წარმომადგენლებს. მათ განზრახული აქვთ გამოსცენ საგანგებო კულტურული ხასიათის გამოცემა, რომელიც მთლიანად მიეძღვნება საქართველოს. აღნიშნული ჟურნალი POLIS გამოიცემა რუმინულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე.  ის მაღალ რეიტინგული და ყოვლისმომცველი ჟურნალია, მისი წყალობით საქართველო კიდევ უფრო ცნობადი გახდება რუმინეთსა და ევროპაში.

შეხვედრის დასასრულს დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები. დასასრულს სტუმრებმა სამახსოვრო, სიმბოლური საჩუქარი გადასცეს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას.