17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა

17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა

  • ივნისი 22, 2026

17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა

მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომლის მსვლელობისას,   აკადემიის პრეზიდენტი, მოძღვართ-მოძღვარი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფიცის კაცთა“ გამგეობის მიერ, საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, X-XI საუკუნის გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ივანე მარუშისძის სახელობის საპატიო ოქროს ორდენით დაჯილდოვდა. ორდენი მას ორგანიზაცია „ფიცის კაცთა“ გამგეობის თავმჯდომარემ მ. ლორთქიფანიძემ გადასცა.

    პრეზიდიუმზე, ამავდროულად მოსმენილ იქნა აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის მოხსენება – „საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები“. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბოლო წლების ტენდენციებს გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების გათვალისწინებით. კერძოდ, ხაზი გაესვა: აზიური სწრაფად მზარდი  (ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთ კორეის), აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების შედარებით ანალიზს და მათთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობებს; საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაკროეკონომიკური განვითარების ინდიკატორების ანალიზს; საქართველოს პროგრესს  ეკონომიკურ ზრდაში, მომსახურების სექტორის (ინფორმაცია და კომუნიკაცია (IT), ტურიზმი, ტრანსპორტი და დასაწყობება) განვითარებაში, საქონლის ექსპორტის ზრდაში, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებაში,  საქართველოს მიღწევებს და შესაძლებლობებს  ევროკავშირის ინტეგრაციული ეკონომიკური ინდიკატორების მიმართულებით.

    მომხსენებელი შეეხო სავაჭრო ბალანსის მაღალი დეფიციტის შემცირების,  მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული განვითარების, იმპორტჩანაცვლების პოლიტიკის დაჩქარების, სიღარიბისა და უმუშევრობის მასშტაბების კიდევ მეტად შემცირების, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების სისტემის დანერგვის, ოლიგოპოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, დივერსიფიცირების, მიგრაციული პროცესებისადმი ფრთხილი და ეკონომიკური განათლებისადმი ახლებური მიდგომის  აუცილებლობას და სხვ.

    აღინიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში, ეროვნულ ბანკში, საქსტატში მიმდინარე რეფორმების შესახებ პერიოდულად ინფორმაციების მოსმენის მიზანშეწონილობა.

    საინტერესო მოხსენების დასასრულს დაისვა შეკითხვები და გამოითქვა საქმიანი მოსაზრებები.