პროექტის – „გაბედე საქართველოსთვის“ – წარდგენა.

პროექტის – „გაბედე საქართველოსთვის“ – წარდგენა.

  • ივნისი 26, 2026

2026 წლის 17 ივნისს,  თბილისის საკრებულოში გაიმართა პროექტის – „გაბედე საქართველოსთვის“ წარდგენა.

პროექტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 35 და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს.

პროექტის ავტორები არიან: ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე, მედიცინის საპატიო დოქტორი – საზოგადოების თავმჯდომარე; ქეთევან ტომარაძე – აღმოსავლეთმცოდნე, პუბლიცისტი, მთარგმნელი; მაყვალა ბერიანიძე – ჟურნალისტი, იურისტი, მკვლევარი.

პროექტის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ქალაქ თბილისის მერია.

საღამო გაიხსნა საქართველოს ჰიმნით. სიტყვით გამომსვლელებმა ილაპარაკეს პროექტის შინაარსობრივ მხარეზე,  იდეურ მიზანდასახულობასა  და  მსგავსი იდეების განხორციელების  საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე.

სტუმრების წინაშე საინტერესოდ წარსდგნენ:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა, ლიანა მელიქიშვილი,  ავთანდილ არაბული; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ ყურაშვილი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი  გია კობახიძე, რომლებმაც საზოგადოებას შეახსენეს  9 აპრილის მძიმე ეპიზოდები და დასძინეს, რომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად   აუცილებელი იყო  თითოეულ ფაქტსა და მოვლენას   მისცემოდა სამართლებრივი  შეფასება. ქართველმა სპეციალისტებმა, ჩვენმა მეცნიერებმა  წარმატებით   აღასრულეს ურთულესი მისია, გამოავლინეს ფაქტები, მოამზადეს  და   ხელისუფლებას წარუდგინეს  უტყუარი იურიდიული  დოკუმენტები, რამაც დიდწილად განაპირობა ქვეყნის დამოუკიდებლობის  აღდგენა.

საღამო დასრულდა პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „თავისუფლების ალგორითმის“- ჩვენებით. (რეჟისორი პაატა კერესელიძე, ოპერატორი ნიკო კერესელიძე). ფილმმა მრავალი მივიწყებული ფაქტი გააცოცხლა,  კარგად წარმოაჩინა ქვეყნისთვის გარდამტეხ ეტაპზე ქართველ მეცნიერთა სწორი პოზიცია, მათი ძალისხმევის    დადებითი როლი საქართველოს  უახლესი  ისტორიის პროგრესული მიმართულებით განვითარებაში.