ფრანგი მეცნიერების ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
- ივნისი 26, 2026
მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვივნენ პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან ფრანგი პროფესორ-მასწავლებლები და მათი სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლაში მასპინძლობენ საზაფხულო სკოლას, რომლის სახელწოდებაა – „ნარატივები აკადემიის შესახებ“. ამაში მოიაზრება ვიზიტი როგორც მეცნიერებათა აკადემიაში, ისე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას უნივერსიტეტში. ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ჩართულები არიან სორბონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თბილისს ასევე ეწვია სტუმარი ყირგიზეთიდან და ირლანდიიდან; საზაფხულო სკოლა ერთ კვირას გასტანს და მის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან ასევე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
უცხოელ სტუმრებს აკადემიის მუზეუმში მასპინძლობდნენ: აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები ლია მელიქიშვილი, გია ჯაფარიძე, წევრ-კორესპონდენტი ნანა ბოლაშვილი, საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის სწავლული მდივანი, ისტორიის დოქტორი რუსუდან ლაბაძე, და ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, ზურაბ ბარათაშვილი. ვრცელი ექსკურსი მეცნიერებათა აკადემიის დაარსების დღიდან დღევანდელობამდე სტუმრებს წარუდგინეს აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ და აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიის მუზეუმის შექმნაში. ამის შემდეგ, სტუმრები ეწვივნენ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის კაბინეტს და პრეზიდიუმის დარბაზს.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი უშუალო ვიზიტები ყოველთვის ხელს უწყობს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ უბრალო, ადამიანური ურთიერთობების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობას.



















