ეროზიულ – ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები

ეროზიულ – ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები

  • ივლისი 5, 2026

მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების  სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების წევრები, აკადემიკოს-მდივანი ბიძინა კორახაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და ცოტნე მირცხულავას წყალთამეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები. მოხსენებით – „ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები“, გამოვიდა დიდი ბრიტანეთის კომპანია „იუნაითედ კონკრეტ კანვასის“ ტექნიკური დირექტორი ილდარ იამალიევი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – საქართველოში მთისა და მთის წინა ლანდშაფტებში ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს, წერტილოვანი თავსხმა წვიმების დროს ტერიტორიებზე წყალდიდობისა და წყალმოვარდნების გააქტიურება, რაც დროის მყისიერ მომენტში ფორმირდება მთის ფერდობებზე.

ამ დროს დაურეგულირებელ მდინარეთა და ხევების კალაპოტებში ფორმირდება მთის ზედაპირული ნაკადები, რაც აძლიერებს ეროზიული – ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას, რასაც თან ახლავს ნიადაგის ზედაპირის დეფორმაციების გაძლიერება, რაც იწვევს ნიადაგ გრუნტის ნაწილაკების ინტენსიურ ტრანსპორტირებას და ბოლო ეს უკანასკნელი იწვევს ნიადაგ-გრუნტის დეგრადაციას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მსოფლიო პრაქტიკისათვის უკვე ცნობილია ბეტონის სხვადასხვა ზომისა და სისქის ელასტიკური ხალიჩები, რომლის ჩაფენით და წყლის მოქმედებით ხალიჩები აღწევენ ბეტონის სიმტკიცეს და იღებენ მდინარის, ხევის, ან მთის ფერდობების კონფიგურაციას.

აღნიშნულმა ინოვაციურმა საინჟინრო-ტექნიკურმა გადაწყვეტილებამ დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა გაერთიანებულ სამეფოში.

ბეტონის ელასტიკური სხვადასხვა ფართობისა და სისქის ხალიჩები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქართველოშიც, ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, როგორიც არის – სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების უსაფრთხოება, მთის ლანდშაფტებში განთავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და კულტურული ძეგლების დაცვა, მელიორაციის (ირიგაცია, სადრენაჟო ქსელები), წყალმომარაგება, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობა და სხვა.

აღნიშნული ღონისძიებების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები მაღალია, რადგან წარმოდგენილი საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები (ბეტონის ხალიჩების გამოყენებას არ ჭირდება რელიეფის წინასწარი მომზადება) ხასიათდება დიდი საიმედოობით, რაც უზრუნველყოფს მის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაღალ მაჩვენებლებს.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.