ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ივლისი 5, 2026
მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. ღონისძიების ფარგლებში თელავის საპატიო მოქალაქემ ირაკლი კალანდიამ წარმოადგინა თავისი წიგნი – „ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე – ჩემი წინაპარი“ და მოხსენება – „წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო – ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, მეცნიერები და მოწვეული სტუმრები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ფოლიანტმა“. გამოცემა მწერალთა სახლის ორგანიზებით წარმოდგენილი იყო ლონდონის, ლაიპციგის და პარიზის წიგნის ფესტივალებზე და ბაზრობებზე. წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. მან აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისა და საგვარეულო მემკვიდრეობის კვლევისთვის.
წიგნის ავტორი ირაკლი კალანდია დედის, ეკა ანდრონიკაშვილის ხაზით დაკავშირებულია წინანდლის ჭავჭავაძეებთან და მრავალი წელია იკვლევს თავისი წინაპრების – გურჯაანელი ანდრონიკაშვილებისა და წინანდლის ჭავჭავაძეების ისტორიას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში ქართველი ბოლშევიკების მიერ განადგურდა წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო. მოხსენების განხილვისას აკადემიკოსმა ლიანა მელიქიშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ, პროფესორებმა პაატა სურგულაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა და მონაზონმა, თეოლოგიის დოქტორმა იოანე-მამუკა ცუხიშვილმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქტს.
განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დააყენოს საკითხი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით.









