აკადემიკოსი ნოდარ ბერიკაშვილი – 90
- იანვარი 30, 2019
მიმდინარე წლის 25 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და თსუ ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა აკადემიაში ჩაატარეს თვალსაჩინო ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის დაბადების 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
დიდია აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის ღვაწლი საქართველოში თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგის – ალგებრული ტოპოლოგიის დანერგვის საქმეში. მეცნიერის პირველხარისხოვანი ნაშრომები ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიაში, ფიბრაციათა ჰომოლოგიის თეორიაში, წინააღმდეგობათა თეორიაში, ჰომოტოპიურ პრობლემატიკაში ფართოდაა ცნობილი სპეციალისტებისათვის მთელს მსოფლიოში. ტოპოლოგიაში არსებობს ბერიკაშვილის სახელობის ისეთი ცნებები, როგორიცაა „ბერიკაშვილის D ფუნქტორი“, „ბერიკაშვილის მგრეხი ელემენტები“, „ბერიკაშვილის განტოლება“, „ბერიკაშვილის მოდელი“, „ბერიკაშვილის გარდაქმნა“, „ბერიკაშვილის აქსიომები“.
საიუბილეო სხდომა გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოსთქვა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვახტანგ კოკილაშვილმა; საინტერესო მოხსენება ნ. ბერიკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააკეთა პროფესორმა თ. ქადეიშვილმა. იუბილარს გულთბილად მიესალმნენ აკადემიკოსი ნ. ცინცაძე, პროფესორები ვ. ბალაძე, თ. ვაშაყმაძე, ლ. მძინარიშვილი, ს. სანებლიძე, აგრეთვე ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ქ-ნი ნ. ფარცვანია, ნ. ბერიკაშვილის მოწაფეები ლ. ხელაია, მ. მიქიაშვილი და სხვ.
როგორც ყველა გამომსვლელმა აღნიშნა და როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. კვესიტაძის და აკად. ვ. კოკილაშვილის მისასალმებელ ადრესშიც აღინიშნა, ბატონი ნოდარი არის სახელგანთქმული მათემატიკოსი, შესანიშნავი პედაგოგი და ყოველმხრივ სამაგალითო პიროვნება და უსურვეს მას დიდხანს სიცოცხლე, სიმხნევე და კიდევ არაერთი იუბილეს აღნიშვნა.