აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა – 75
- თებერვალი 5, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 9 იანვარს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ექიმის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-საიუბილეო სხდომა.
ფრიდონ თოდუა იყო ქართული მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სახელგანთქმული ექიმი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი.
ფასდაუდებელია აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ღვაწლი ქართველ რადიოლოგთა აღზრდისა და პროფესიული განვითარების საქმეში.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხელმძღვანელობით დაცულია 87 დისერტაცია, გამოცემულია 12 მონოგრაფია, ქართველი ექიმი რადიოლოგები დარგში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოებული არიან 16 სახელმწიფო და ეროვნული ჯილდოებით.
ქართველ მეცნიერთა რიგებს გამოაკლდა დიდი შრომისმოყვარეობითა და შემოქმედებითი ნაყოფიერებით გამორჩეული, მეცნიერების ორგანიზების უნარით დაჯილდოებული მკვლევარი, რომლის მეცნიერული მოღვაწეობა ყოველთვის იყო მიმართული ქართული მედიცინის განვითარებაზე და წარმოჩენაზე.