ქალთა დაჯილდოვება ქალთა დაჯილდოვება
- თებერვალი 5, 2019
„საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის“ მოღვაწეობის 15 წლის და ამ ასოციაციის ამაგდარი ფუძემდებლის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ნანული ჭავჭანიძის საიუბილეო თარიღის, დაბადების 80 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 21 ნოემბერს საზეიმო სხდომა გაიმართა. სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ.
აკადემიის პრეზიდენტმა ქალბატონი ნანული ჭავჭანიძე წლების მანძილზე გაწეული შრომისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ნანა ხაზარაძემ ქალბატონ ნანული ჭავჭანიძეს მისალოცი ეპისტოლეთი მიმართა სადაც აღნიშნული იყო მისი ღვაწლი. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამშობლოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია, ჟურნალისტიკის სფეროში გაწეული შრომა, პროფესიაში გამორჩეულ ქალთა ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩენა, რაც აისახა კიდეც მისი თაოსნობით გამოქვეყნებულ 21 ტომად გამოცემულ კრებულში „პროფესიაში გამორჩეულნი“.
„პროფესიონალ ქალთა ასოციაციის“ პრეზიდენტი და ამაგდარი წევრები – 12 ქალბატონი მეცნიერებაში, განათლებაში და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების“ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.