მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია
- აპრილი 3, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 6 მარტს მოეწყო მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ წარდგენა.
მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა მკვლევარები ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხს, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ძალზე მიკერძოებით და ტენდენციურად.
მეუფე ანანიას ნაშრომი ეფუძნება ქართულ და უცხოურ წყაროებს, ვრცელ სამეცნიერო ლიტერატურას, საინტერნეტო მასალას, ჩრდილოეთ კავკასიაში შემორჩენილ ფაქტებს ქართული კულტურისა და სხვა.
მისი საბოლოო დასკვნით, მართლდება ქართული წყაროები, რომელთა მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ეკლესიები შედიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში და აღესრულებოდა ქართულენოვანი წირვა-ლოცვები.
აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის თანადგომით. ქართველმა მკითხველმა, კი კიდევ ერთი ახალი და საინტერესო გამოცემა მიიღო.