ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- აპრილი 3, 2019
2019 წლის 13 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეკოლოგიური უსფრთხოების კომისიის სხდომაზე ჩატარდა მოხსენების – „თბოენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტების“ – პრეზენტაცია. მომხსენებელი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ მირიანაშვილი.
მოხსენებაში განხილულია პრობლემები, რომელიც ეხება გლობალური დათბობის წარმოშობის მიზეზებს. წარმოდგენილია დედამიწაზე გლობალური დათბობის განვითარების სხვადასხვა სცენარები.
გლობალური დათბობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის განუსაზღვრელი რაოდენობით დაგროვებაა. ორგანული სათბობის (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი აირი) წვის შედეგად მსოფლიოში, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიამ 2015 წელს 33,5 მლრდ ტონა შეადგინა. ნახშირორჟანგით გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელი დარგია თბოენერგეტიკა – 42%.
საქართველომ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (პარიზი, 2015 წ.) შესაბამისად, დაამუშავა დოკუმენტი „ეროვნულად განსაზღვრული მოსალოდნელი წვლილი“-ს შესახებ, რომლის თანახმად ქვეყანა, 2030 წლისათვის გეგმავს შეამციროს სათბურის გაზის გაფრქვევა ჩვეულებრივი საქმიანობით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე 15%-ით დაბლა.
მოხსენებაში გაანალიზებულია ორგანული სათბობის დაწვის შედეგად გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის გამომწვევი მიზეზები. გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შემცირების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა არატრადიციული, განახლებადი ენერგორესურსებისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება თბური და ელექტრული ენერგიის მისაღებად.