აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი -100
- აპრილი 15, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 მარტს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ლევან გორდეზიანი. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს.
უდიდესია გიორგი მელიქიშვილის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. გ. მელიქიშვილი ავტორია მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობით წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — კოლხას და დიაოხის — ისტორიის საკითხები. მისი ნაშრომები ეხება საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალ კარდინალურ პრობლემას და ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის და კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის საკითხებს.
ამ საიუბილეო თარიღისადმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, გამოიცა ახალი წიგნი – „გიორგი მელიქიშვილი 100 – მემუარული ჩანაწერები, ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი, სტატიები პერიოდულ პრესაში, მიმოწერა ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან“.