ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 8, 2019
მიმდინარე წლის 3 მაისის სხდომაზე საქართველოს იმ მეცნიერებსა და გამომგონებლებს, რომლებსაც აქვთ ჩვენი ქვეყნის მოქმედი პატენტების დიდი რაოდენობა (პროფესორი ლეონ მახარაძე, პროფესორი მანანა ქარჩავა, პროფესორი რევაზ მახარობლიძე, დოქტორი ზაურ ჩიტიძე, პროფესორი რაულ თურმანიძე, აკადემიკოსი გიორგი თავაძე, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი და პროფესორი გურამ ქაშაკაშვილი), გადაეცათ აკადემიის საპატიო სიგელები, რომლებითაც ისინი დაჯილდოვდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად (26 აპრილი).
შემდეგ განხილული იქნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვლადიმერ ციციშვილის მოხსენება: „აგროსამრეწველო ნარჩენებიდან სასარგებლო პროდუქტების გამოყოფის ტექნოლოგიები“, რომელიც ერთდროულად წარმოადგენდა საერთაშორისო გამომცემლობის Lambert Academic Publishing-ის მიერ გამოცემული და ფრანკფურტის (გერმანია) 2018 წლის წიგნების გამოფენაზე გამოტანილი წიგნის: „Extraction of Valuable Products from Agro-Industrial Waste Materials“ (ავტორები ვლადიმერ ციციშვილი, მზია ციცაგი, იმედა რუბაშვილი, ქეთევან ებრალიძე) პრეზენტაციას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრასთან ერთად, აგროსამრეწველო ნარჩენების გონივრული უტილიზაცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგების მომტანია, რისთვისაც საჭიროა სასარგებლო პროდუქტების გამოყოფის ეფექტიანი ტექნოლოგიების შემუშავება. შედარებული იქნა ექსტრაჰირების თანამედროვე მეთოდები და მოყვანილი იყო საქართველოსათვის მნიშვნელოვანი აგროსამრეწველო ნარჩენებისა და მათში არსებული სასარგებლო პროდუქტების დახასიათება, აგრეთვე ყურძნის გადამუშავების ნარჩენებიდან ზეთისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების შესაძლებლობების ანალიზი, ციტრუსების გადამუშავების ნარჩენებიდან ეთერზეთების, ბუნებრივი საღებავების, ფლავანოიდების და პექტინის საფეხურებრივი ექსტრაჰირების ოპტიმალური ტექნოლოგიური პარამეტრები, რომელთა იმპლემენტაცია შესაძლებელია საწარმოო პროცესებში. განხილული იქნა პომიდვრის და ხახვის გადამუშავების ნარჩენებიდან ძირითადი კაროტენოიდებისა და სხვა ბოილოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფის ტექნოლოგიები.