ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მაისი 27, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 17 მაისს გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო ეროვნული სიმბოლიკის, კერძოდ დროშის საკითხი.
სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ავთანდილ არაბული, პაატა გიორგაძე, რამაზ შენგელია, როინ მეტრეველი, ელიზბარ ჯაველიძე, პროფესორები: ომარ გოგიაშვილი, ანზორ თოთაძე, ნომადი ბართაია, ჟურნალისტები გიორგი გიგაური და მალხაზ გულაშვილი, იურისტი ავთო აბაშიძე, პოეტი ენვერ ნიჟარაძე და სხვები.
მოხსენება წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ჯაველიძემ. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ თემა მეტად აქტუალურია და ერთხმად მოიწონეს.
ქალბატონი ნინო დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ხუთჯვრიანი დროშა არ უნდა იყოს სახელმწიფოს სიმბოლო. ის არასოდეს არ ყოფილა ფეოდალური საქართველოს (სეფე) სამეფო დროშის სამართალმემკვიდრე, რაც მტკიცდება სხვადასხვა ენოვანი საისტორიო წყაროების ცნობებით, აგრეთვე ქართველ მკლევართა მიერ აწ დაკარგული დროშების აღწერით და დღემდე შემორჩენილ დროშათა ნიმუშებით. ხუთჯვრიანი დროშა 2004 წელს დაშლილად გამოცხადებულ პარლამენტს სახელმწიფო დროშად კანონდარღვევით დაამტკიცებინეს.
ისტორიკისთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის ისტორიკოსი ნინო ჯაველიძე, ბუნებრივია, ფაქტებით ადასტურებს ხუთჯვრიანი დროშის არა ქართულ წარმომავლობას და კოლეგებთან ერთად მოითხოვს დღეს არსებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს (დროშის) შეცვლას.