გონიერ ქალთა სამყარო
- მაისი 29, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ კიდევ ერთი ახალი გამოცემა-ცნობარი გამოსცა. „გონიერ ქალთა სამყარო“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელსაც წანამძღვრად აქვს ფრაზა – „იქ, სადაც ქალს სცემენ თაყვანს, ღმერთები ცხოვრობენ“. ქალები მეცნიერებაში, წიგნის შექმნის იდეა ეკუთვნის აკადემიკოს ნანა ხაზარაძეს, შემდგენელი: მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლია მელიქიშვილია, რედაქტორი – აკადემიკოსი როინ მეტრეველი, წიგნის გამოცემა განხორციელდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩევლის გივი აბდუშლიშვილის პროექტის – „მეცნიერი ქალები“ ფარგლებში.
ქალს მუდამ საპატიო ადგილი ეჭირა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ისტორიაში „მოციქულთა სწორ“ ნინოს მიეწერება ქართველი ერის გაქრისტიანება. მე-12 საუკუნეში კი ქართველმა ქალმა სამეფო გვირგვინიც კი დაიდგა თავზე. ეს იყო თამარ მეფე, რომლის დროს დაიწერა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო შედევრთაგანია მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში.
გასაკვირი არ არის, რომ როდესაც თბილისის უნივერსიტეტი დაარსდა, ქართველი ქალი სამეცნიერო ასპარეზზედაც გამოვიდა, და აქაც დიდი საქმე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ცნობარში წარმოდგენილია 20 მეცნიერი ქალის ბიოგრაფიული მონაცემები; მათ შორის არიან: აკადემიკოსები – ეთერ ქემერტელიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ანა კალანდაძე, გუჩა კვარაცხელია, მზექალა შანიძე, თინათინ სადუნიშვილი, ინესა მერაბიშვილი და სხვა. წიგნში ასევე შეყვანილნი არიან მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ქეთევან ნემსაძე, ლიანა მელიქიშვილი და სხვა. წიგნი გაფორმებულია მეცნიერი ქალების პორტრეტებით და მათი ფერწერული ნამუშევრებით.