საერთაშორისო კონფერენცია
- ივნისი 4, 2019
მიმდინარე წლის 1-დან 10 ივნისის ჩათვლით, თბილისში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – “ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები”.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან პროფესორი რაინჰოლდ ეგერი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი), პროფესორი გიორგი ჯაყელი (შტუტგარტის უნივერსიტეტი), ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე.
ღონისძიება თანადაფინანსებულია „ფოლკსვაგენის“ ფონდის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციას მასპინძლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
კონფერენციის ძირითადი თემაა თანამედროვე ნანოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებულ მასალებში აღმოცენებული უჩვეულო თვისებების შესწავლისას მიღებული უახლესი ექსპერიმენტული შედეგების და თეორიული მიდგომების განხილვა.
მასში მონაწილეობს 60 მეტი წამყვანი მეცნიერი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან,
მათ შორის მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკის და დრეზდენის კომპლექსურ სისტემათა ფიზიკის ინსტიტუტებიდან ოთხი მიმართულების დირექტორი, ჩრდილოეთის ქვეყნების თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (NORDITA) დირექტორი, აბდუს სალამის სახელობის ტრიესტის საერთაშორისო ცენტრის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელები, ბრაზილიის ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი და მრავალი გამოჩენილი თუ წარმატებული ახალგაზრდა მკვლევარი ევროპის და ამერიკის სამეცნიერო ცენტრებიდან.
კონფერენციაში მონაწილეობან ახალგაზრდა სტუდენტებიც, პირველ რიგში საქართველოდან და ასევე იაპონიიდან, გერმანიიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და უკრაინიდან.
სამი სხდომა 2,8 და 9 ივნისს ჩატარდება ილიას უნივერსიტეტის G-კორპუსის 106 აუდიტორიაში, ხოლო ოთხი სხდომა 3,4,6 და 7 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში მე-5 სართულზე.