ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივნისი 13, 2019
2019 წლის 11 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „წყალი ეროვნული სიმდიდრე, როგორც საქართველოს კონკურენტიანი უპირატესობის გარანტი და სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ფაქტორი“ გამოვიდა საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რევაზ გოგოხია. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ.
მოხსენებაში პროფესორმა რევაზ გოგოხიამ დამსწრეთ პროგრამა – კონცეფციის დასახულ ღონისძიებათა განხორციელებით ქვეყნის შიდა სამრეწველო პროდუქციის ზრდის ზოგიერთი საპროგნოზო ეკონომეტრიული შედეგი გააცნო. კერძოდ, დაფასოებული სასმელი წყლის მრეწველობის ეკონომიკის წყალობით ქვეყნის ყოველწლიური ფულადი შემოსავალი (მსოფლიო საბითუმო ფასის – 24 ცენტი/ლიტრზე – გაანგარიშებით) 12 მილიარდი დოლარით გაიზრდება; სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 3 მილიარდი დოლარით მომძლავრდება; სხვადასხვა სფეროში (სატრანსპორტო, დამხმარე სამეურნეო და ა.შ.) დამატებით ასი ათასი კაცი დასაქმდება, რომელთა საშუალო ხელფასი 1500 დოლარი იქნება; შეჩერდება მიგრაციული პროცესები; შეიქმნება ნავთობისა და გაზის მფლობელ-მწარმოებელი არაბული ქვეყნების მოდელი; მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმებისა და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე მატერიალიზების გამოყენებით შესაძლებელი იქნება 570 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი ფულადი სახსრების მოზიდვა. გადაიდგმება რეალური ნაბიჯები ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის; გაჩნდება სამამულო ეკონომიკის დარგების დაფინანსების მძლავრი წყარო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უახლოეს ათ წელიწადში მკვეთრად გაიზრდება მოსახლეობის სოციალურ-მატერიალური კეთილდღობა, რაც არსებითად, საბოლოო მიზანს წარმოადგენს.