წიგნის -„ გიორგი მელიქიშვილი – 100“ – წარდგინება
- ივნისი 13, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 13 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით მოეწყო წიგნის – „გიორგი მელიქიშვილი – 100“ წარდგინება. წიგნის გამომცემლები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
წიგნი იხსნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების, ნანა ხაზარაძის და როინ მეტრეველის შესავალი წერილით, რომელშიც გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული.
წიგნის რედაქტორები არიან: ნინო მელიქიშვილი და სოფიო სარჯველაძე.
გამოცემაში წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის მიერ სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი და მის არქივში დაცული მასალა.
აქ თავმოყრილია მემუარული ჩანაწერები – ავტობიოგრაფია და მოგონებანი, გამოუქვეყნებელი ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი, მიმოწერა ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, მისი საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე მისალოცი წერილი.
მონაკვეთში – „ისტორიული ეტიუდები, მოსაზრებანი“ – მკითხველი გაეცნობა გიორგი მელიქიშვილის განზოგადებულ მსჯელობას ისტორიის საგნისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ასევე – „ფორმაციათა თეორიაზე“, ადამიანის როლზე, როგორც ისტორიის შესწავლის ობიექტზე…
წიგნში შეტანილ 1990 წლის ინტერვიუში, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საუბარია საბჭოთა სისტემის ჩამოშლის მიზეზებზე. ამ ტექსტიდან კარგად ჩანს გიორგი მელიქიშვილის, როგორც მეცნიერისა და ორგანიზატორის, პიროვნება.