საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ახალი წევრები ჰყავს
- ივნისი 17, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 17 ივნისს ჩატარდა საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; შემდეგ სიტყვა დაეთმო აკად. წევრ-კორესპონდენტს რამაზ ხუროძეს, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის უცხოელი წევრების არჩევის საკითხი. საერთო კრებაზე ერთხმად აირჩა აკადემიის სამი უცხოელი წევრი: პროფესორი ისმედ დინდარ-მიქელაძე (ინვაზიური კარდიოლოგიის დარგში), პროფესორი გიორგი თავართქილაძე (აუდიოლოგიის დარგში) და გერმანელი ქართველოლოგი, პროფესორი იოსტ გიპერტი (ენათმეცნიერების დარგში).
კრებაზე ერთ-ერთ საკითხად გამოტანილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში, რომელიც მოკლედ მიმოიხილა აკად. წევრ-კორესპონდენტმა რამაზ ხუროძემ და ანგარიში ერთხმად დამტკიცდა.
ამის შემდეგ მოეწყო აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნები. რის გამოც არჩეულ იქნა ხმის დამთვლელი კომისია აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას თავმჯდომარეობით 11 წევრის შემადგენლობით.
აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობის 78 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 63 წევრმა, ხოლო აკადემიკოსების არჩევნებში მხოლოდ აკადემიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. რის შედეგადაც აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეულ იქნენ: რამაზ ქაცარავა („მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია“) – 44 დადებითი ხმა და 7 უარყოფითი; ვლადიმერ ციციშვილი (სპეციალობა „ფიზიკური ქიმია“) – 44 დადებითი, 6 უარყოფითი და 1 გაუქმებული ბიულეტენი.
გარდა ამისა, საერთ კრებაზე მოხდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნების არჩევა, სადაც აკადემიის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, რის შედეგადაც არჩეულ იქნენ: აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი (საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება) და აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე (მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება).
აკადემიის პრეზიდიუმის წევრად კი არჩეულ იქნა აკადემიკოსი ხვედრი ინასარიძე.