ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება
- ივნისი 21, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ჩარჩოებში, აკადემიას მიმდინარე წლის 21 ივნისს ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტის (TTPP) მიზნების წარსადგენად და წამყვან ქართველ მეცნიერთა ინოვაციურ მიღწევებთან გასაცნობად ეწვია მსოფლიო ბანკის დელეგაცია ინოვაციური პოლიტიკის მრჩეველის პიტერ ლინდჰოლმის ხელმძღვანელობით.
ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს როგორც შიდა, ასევე გლობალური ბაზრის საჭიროებებს. სამწლიანი პროექტი დაიწყო ა.წ. აპრილში, მისი განმახორციელებლები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროექტის ფარგლებში მოხდება დაკავშირება საქართველოს წამყვან მეცნიერებთან და კვლევით ორგანიზაციებთან, რომ შეირჩეს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ის კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიების მზაობის TRL4 დონეზე მაინც, რაც ითვალისწინებს კონკრეტული ტექნოლოგიის ლაბორატორული კვლევების დასრულების სტადიას და იდეის მუშაობისუნარიანობის დადასტურებას.
შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ მოკლე მოხსენებებით მათი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული სამუშაოების, აგრეთვე საქართველოსა და საზღვარგარეთ დაპატენტებული გამოგონებების თაობაზე გამოვიდნენ აკადემიის წევრები თამაზ ნატრიაშვილი, გიორგი თავაძე, რამაზ ქაცარავა, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ვლადიმერ ციციშვილი, თინათინ სადუნიშვილი, ავთანდილ კორახაშვილი და ბოლოს აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე. დასასრულს სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ხელმძღვანელი პიტერ ლინდჰოლმი, რომელმაც პასუხი გასცა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს და აღნიშნა მოპოვებული ინფორმაციის მაღალი ღირებულება. მან გამოთქვა იმედი, რომ აკადემია და მისი წევრები აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის შესრულებაში.
სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური და ტექნოლოგიების გადაცემის კოორდინატორი ლევან ფანგანი, აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის წევრები, დაინტერესებული მეცნიერები საქართველოს კვლევითი დაწესებულებებიდან.