ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივნისი 12, 2019
მიმდინარე წლის 12 ივნისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლ.-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორის არჩილ მაღალაშვილის მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა მიტოვებულ სამთო გამონამუშევრებთან დაკავშირებული დაბინძურების ეკოლოგიური რისკების შეფასებას. კვლევა ჩატარდა აშშ-ს დემოკრატიული კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ს საელჩო საქართველოში. კვლევა მოიცავდა აჭარის მადნიანი რაიონის მერისის სპილენძ-ოქრო-პოლიმეტალური მადნიანი კვანძის სამი მორფოგენეტური ტიპის საბადოს ფარგლებში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გაყვანილი და მიტოვებული სამთო-გამონამუშევრების გარემოზე, კერძოდ, ზედაპირულ წყლებსა და ნიადაგზე ეკოლოგიური ზემოქმედების კომპლექსურ საპილოტე შესწავლას. მოხსენების დროს განხილული იყო შესწავლილი ობიექტისთვის დამახასიათებელი ეკოლოგიური დაბინძურების კონკრეტული რისკ-ფაქტორები, ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია და მიღებულ შედეგები. მოხსენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა და აზრთა გაცვლა. სხდომაზე აღინიშნა, რომ მსგავს კვლევებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის და საჭიროა აღნიშნული კვლევების მასშტაბის და გეოგრაფიის გაზრდა.