ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივლისი 9, 2019
მიმდინარე წლის 26 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს პროფესორ შალვა ისაკაძის მოხსენება „ქ. თბილისის გამწვანების პრობლემები“.
მომხსენებელმა გააშუქა ქ. თბილისის გამწვანების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. მათ შორის წარმოადგინა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილი დედაქალაქის გეგმა.
ცნობილია, რომ თბილისი და მისი მიდამეობი ხასიათდება საკმაოდ რთული ეკოლოგიური პირობებით და საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე დაგროვდა გამწვანების მეტად საინტერესო გამოცდილება.
ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია გმირთა მოედანთან პროფ. შ. ისაკაძის ავტორობით მოწყობილი გმირთა მემორიალური ბაღი. წარმატებულ მაგალითებს მიეკუთვნება მწვანე ორნამენტებით მოწყობილი სკვერები და სხვ.
ამავდროულად აღინიშნება ნეგატიური ფაქტები, მაგალითად სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ შესასვლელთან შვეულ კედელზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ ხელოვნურ ქოთნებში დარგული მაღალმზარდი ჰიმალაის კიპაროსები. დიდი ტკივილით ილაპარაკა მომხსენებელმა ე.წ. „დაუფიქრებელი მშენებლობის“ მაგალითებზე, როდესაც ქალაქის ისტორიულ ცენტრში აღმართული მაღლივი შენობები გაუმართლებლად ამახინჯებენ ქალაქის საერთო ხედს.
მოხსენებამ გამოიწვია დიდი ინტერესი, რადგან პროფ. შ. ისაკაძე კარგად ერკვევა წამოჭრილ პრობლემებში, საგულისხმოა, რომ თითქმის 10 წლის მანძილზე იგი იყო ქ. თბილისის გამწვანების ტრესტის მმართველი. უფრო მეტიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ რიგ ქალაქში (ვოლგოგრადი, კომსომოლსკ-ამურისპირეთში) მისი ხელმძღვანელობით გაშენდა ე.წ. „ქართული ბაღები“.