საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 9, 2019
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ნეფროლოგიისა და დიალიზის პრობლემურ საკითხებს. სხდომის აქტუალობას განაპირობებდა აღნიშნული დაავადებების მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში.
სხდომაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გლომერულონეფრიტების მართვა, სისხლძარღვოვანი მიდგომებისა და პერიტონეალური დიალიზის პრობლემები თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) მქონე პაციენტებში, ძვლისა და მინერალური მოშლილობის თერაპია თქდ-ს დროს.
სხდომას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აკადემიკოსები, ქართული მედიცინის ექსპერტები.
საკითხების მეცნიერული ანალიზის შედეგად, „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისია“ შეიმუშავებს სპეციალურ რეკომენდაციებს აღმასრულებელი სტრუქტურებისადმი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, და სხვა) განხილული პრობლემატური საკითხების მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით.