საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება
- ივლისი 11, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სავსებით იზიარებს ქართული საზოგადოების აღშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის უკადრისი გამოსვლის გამო, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია რუსეთის პრეზიდენტის პიროვნული შეურაცხყოფით. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციითაა გამოწვეული, ასეთი გამოხდომებით არ მოგვარდება. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის დეოკუპაციაა, რაც, სამწუხაროდ, მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ნათელია ისიც, რომ ეს პროცესი პრინციპულობასთან ერთად გარკვეულ ტაქტს და დელიკატურობას მოითხოვს, რასაც თანამიმდევრულად იცავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ამ პროცესის მიმართ ღრმად სერიოზული დამოკიდებულება მართებს საზოგადოების წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ჟურნალისტებსაც. „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანმა თავისი უწმაწური მიმართვით არა მარტო უხეშად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, მან ფეხქვეშ გათელა ზოგადად ადამიანური მორალი. ცხადია ისიც, რომ მისმა ყოვლად გაუმართლებელმა და პროვოკაციულმა გამოსვლამ ზიანი მიაყენა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. უშედეგო და უაზრო გამოხდომის ეს კონკრეტული შემთხვევა გამოვლინებაა ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში ფეხმოკიდებული ტენდენციისა, როდესაც დარბაისლურმა და მოზომილმა სიტყვამ, ზოგადად ქცევის კულტურამ თითქმის ფასი დაკარგა, უხამსობამ და ავყიაობამ კი ფართო ასპარეზი მოიპოვა. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სავალალო უდიერობას, პროვოკაციული მიზნები ასაზრდოებს და მიმართულია მხოლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია