ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივლისი 18, 2019
მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიიის სხდომაზე მოსმენილ იქნა ნათელა ხეცურიანის მოხსენება თემაზე : „საქართველოში პირველი ბიოდიზელის წარმოება და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები“ – (ნათელა ხეცურიანი – თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოტორი).
თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში შესწავლილია ენერგიის განახლებადი წყაროებიდან ბიოდიზელის წარმოების შესაძლებლობა საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია მცენარე რაფსის (Brassica napus) ზეთის და კვების მრეწველობის ობიექტების მოხმარებული (მეორადი) საკვები ზეთები. ეთერიფიკაციის რეაქციით მიღებულია სუფთა ბიოდიზელის საწვავი B100 და ბიო გლიცერინი. შესწავლილია ბიოდიზელის B100-ის და ბიოდიზელის და ნავთობდიზელის ნარევების (B10 და B20) ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები. B20 და B100-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა შესწავლილია თხევადი ქრომატოგრაფით, ხოლო ფუნქციონალური ჯგუფები – ინფრაწითელი სპექტრომეტრით. ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე B100 და B20-ის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები EN 14214, ASTM D6751 და EN 590 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისია. მოხსენებაში აღინიშნა, რომ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით 2018 წლის 6 ივლისს ქ. თბილისში ქინძმარაულის ქ.#15-ში გაიხსნა საქართველოში პირველი ბიოდიზელის ქარხანა შპს“ბიოდიზელი ჯორჯია“, ამჟამად მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების დადგენა და გაუმჯობესება.
ბიოდიზელის, როგორც ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის წარმოების დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე არის დამოკიდებული. ბიოდიზელს კი წარმატებით შეუძლია შეცვალოს ნავთობდიზელი ყველა იმ სფეროში სადაც დიზელის საწვავია გამოყენებული, მათ შორის შიდაწვის ძრავებში, მათი ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე.
საქართველოში პირველად ბიოდიზელის საწარმოებლად რაფს გამოიყენებენ; კომპანია “ბიოდიზელ ჯორჯიამ”, რომელიც ბიოდიზელს აწარმოებს, „ლომთაგორასა“ და „სითი ლოფტთან“ პარტნიორობით საგარეჯოს რაიონში, 50 ჰექტარ ტერიტორიაზე რაფსის კულტურა გააშენა, რომლის გადამუშავების შედეგად ბიოდიზელის საწვავის და ბიოგლიცერინის მიღებაა შესაძლებელი.
„ბიოდიზელი ჯორჯია“ ერთადერთი საწარმოა, რომელიც ქართულ საწვავს ქმნის და ხელს უწყობს საქართველოს აგროსექტორის განვითარებას. რაფსის ზეთის მიღების შედეგად დარჩენილი კოპტონი გადაეცამა ფერმერთა ასოციაციას მათი შემდგომი გამოყენებისთვის.