ფრანგი მეცნიერის სერგეი ბარსუკის სემინარი აკადემიაში
- სექტემბერი 27, 2019
23 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ორსეს (საფრანგეთი) წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორიის (LAL-Orsay) წამყვანი მკვლევარის სერგეი ბარსუკის სემინარი. მოისმინეს მისი მოხსენება “ახალი ფიზიკის ძიება LHCb ექსპერიმენტზე.”
როგორც ცნობილია, LHCb ექსპერიმენტი ტარდება ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC). ამ ექსპერიმენტის ძირითადი მიზანია
CP-სიმეტრიის დარღვევის შესწავლა. ხსენებულ ექსპერიმენტში აღმოჩენილია ახალი ნაწილაკები, რომლებიც 5 კვარკისგან შედგება. ფრანგი მეცნიერის ლექციაში მიმოხილული იყო ამ ექსპერიმენტის შედეგები.
სხდომას დაესწრნენ: აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, გ. ჩაგელიშვილი, ა. ნერსესიანი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ა. ხელაშვილი, ა. კვინიხიძე, აგრეთვე დარგის სწეციალისტები თსუ-დან, ილიაუნიდან და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (რ. შანიძე, ს. ბაღათურია, ა. მაჭავარიანი, ზ. კეპულაძე და სხვები). აღსანიშნავია, რომ სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა თსუ-ს 4 სტუდენტი (მ. გეგენავა და სხვ.). მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. სემინარის მუშაობა შეაჯამა და ფრანგ სტუმარს საინტერესო მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.