საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება
- ნოემბერი 4, 2019
სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამავე დროს ბრძანდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. მისი მრავალწლიანი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგია საქართველოს ეკლესიის აღმავლობა და ქართველი ხალხის სულიერ-სარწმუნოებრივი აღორძინება. თავად უწმინდესს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მეცნიერებისა და სარწმუნოების ურთიერთდაახლოებასა და ჰარმონიზაციაში. განუზომელია მისი წვლილი ეროვნული კულტურის განვითარებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისეული სიბრძნითა და ძალისხმევით მიღწეული ეკლესიისა და ხალხის ერთიანობა, რაც მყარი საფუძველია ქვეყნისა და ერის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, იზიარებს რა მთელი ქართველი საზოგადოების სულისკვეთებას, გამოხატავს აღშფოთებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული უკადრისი გამოხდომების გამო; მიგვაჩნია, რომ შეტევა ეროვნული ეკლესიის მეთაურზე არის გამიზნული და დაუფარავი ბრძოლა სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს პატრიარქს და სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჯანმრთელობასა და მხნეობას, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენს სამშობლოს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია