ეკოლოგიური უსაფრთოების კომისიის სხდომა
- ნოემბერი 14, 2019
2019 წლის 13 ნოემბერს საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეკოლოგიური უსაფრთხოების სხდომაზე ჩატარდა მოხსენება – „მდ. ვერეს პრობლემა“. მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური რესურსების განყოფილების გამგე, გეოლოგ.-მინერალოგ. მეცნ. დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი გიორგი მაღალაშვილი.
მოხსენებაში განხილულია პრობლემები, რომელიც უკავშირდება მდ. ვერეს, კერძოდ, გარჩეული იქნა მიზეზები, რის გამოც პერიოდულად ხდება (ძირითადად გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში) უხვწყლიან დღეებში ხეობისა და გმირთა მოედნის მიდამოებში დატბორება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყვება კატასტროფული მოვლენები. ბოლო დროს მთავრობამ მიიღო ზომები, რათა სოფ. ახალდაბის მიდამოებში არსებული მეწყრული მასა არ დაძრულიყო ადგილიდან, იქვე ხიდიც გაკეთდა.
მაგრამ მომხსენებლის აზრით, გმირთა მოედნის მიდამოებში დატბორების საშიშროება კიდევ არსებობს, რადგან მანდ გროვდება დიდი მოცულობის წყლის მასა (მდ. ვერეს, ვარაზისხევის, კოსტავას ქუჩის გასწვრივ და სხვა ჩამონადენი წყლის მასა). საქმე იმაშია, რომ შემდგომ მდ. მტკვრამდე მთავარი კოლექტორის დაქანების კუთხე მხოლოდ მცირედით მეტია, ვიდრე დასაშვები მინიმალური კუთხე 3, რაც აფერხებს აღნიშნული მოცულობის წყლის სიჩქარეს და წარმოქმნის გარკვეულ დისბალანსს გმირთა მოედნის ქვემოთ დაგროვილ ჯამურ წყალსა და მთავარი კოლექტორის გამტარიანობის საშუალებას შორის. აქ ალბათ აუცილებელია გვახსოვდეს პროფესორ გ. ხმალაძის მთის მდინარეების რეჟიმის დადგენისას მისი ფორმულის ძირითადი პარამეტრების – დაქანების კუთხისა და დებიტის გათვალისწინება.
მდ. მტკვრის დონის აწევის შემთხვევაში მთავარი კოლექტორის წყლის გამოსაშვები მილი იფარება მტკვრის წყლით და წარმოიშვება ე. წ. „წყლის საცობი“, რომელიც გარკვეულ წილად ზღუდავს მილიდან გამოსაშვებ წყალს.
საქმე იმაშია, რომ არავინ მოელოდა, რომ თბილისი მოკლე პერიოდში გარდაიქმნებოდა მეგაპოლისად, გაჩნდებოდა მრავალი ახალი უბანი, აშენდებოდა მრავალსართულიანი კორპუსები.
აღსანიშნავია, რომ მართალია ორთაჭალჰესმა ერთის მხრივ, დადებითი როლი ითამაში ენერგომომარაგების საქმეში, მაგრამ მან მტკვრის დონე აწია და ზოგ შემთხვევაში ეს გარემოება ხელს უშლის კოლექტორებიდან წყლის თავისუფლად ჩამოდენას. მეორეს მხრივ, სანაპიროებმა სატრანსპორტო კომუნიკაციის თვალსაზრისით, უდავოდ რევოლუცია მოახდინა, მაგრამ შეავიწროვა მდ. მტკვრის კალაპოტი, რამაც გამოიწვია მის დონის ამაღლება (ანუ მტკვარს წავართვით ჭალა). ჩვენი აზრით, რადიკალური გამოსავალი იქნებოდა არქიტექტურულად და თანამედროვე კონსტრუქციულად მდ. ვერეს აკვედუკში დაახლოებით სამადლოსთან დაწყებული მოთავსება. გავა დრო და ასეთი აკვედუკი შესაძლოა გახდეს ქ. თბილისის სიმბოლო, ისეთი როგორიცაა პარიზისთვის ეიფელის კოშკი.