აკადემიკოს ნიკოლოზ ლანდიას 100 წლის იუბილე
- ნოემბერი 18, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ქიმიკოსის ნიკოლოზ (კუკური) ლანდიას დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
1958 წ. თებერვალში ნ. ლანდიამ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იმავე წელს მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, შემდეგ კი პროფესორის წოდება.
1959 წლის თებერვლიდან 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, ხოლო 1960 წლის ივნისიდან დაინიშნა არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორად.
1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს – აკადემიკოსად.
1972 წლის მაისიდან 1974 წლამდე ასრულებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობას, ხოლო 1974 წლის მარტში აირჩიეს ამავე თანამდებობაზე. 1981 წლიდან 1984 წლამდე იყო საქართველოს მეცნიერე-ბათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
ადრევე გამოიკვეთა ნ. ლანდიას განსაკუთრებული ინტერესების სფერო. მისი შრომები ეხება თერმოქიმიას, ქიმიურ ტექნოლოგიას და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლას ფიზიკურ-ქიმიური და თერმოდინამიკური მეთოდების გამოყენებით. იგი ავტორია უამრავი შრომისა და მონოგრაფიის. ნ. ლანდიამ თავის მოწაფეებთან ერთად შექმნა ორიგინალური პრეციზიული შერევის ტიპის მასიური ადიაბატური კალორიმეტრი.
ნ. ლანდია უდიდეს ყურადღებას უთმობდა ორგანიზაციულ და საზოგადო-ებრივ მოღვაწეობას. 12 წლის მანძილზე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მრავალი წლის განმავლობაში ნ. ლანდია ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას. არჩეული იყო ქ. თბილისის 1 მაისის და ორჯონიკიძის რაისაბჭოს, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IX და X მოწვევის დეპუტატად, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეცნიერებათა და ტექნიკის მუდმივ კომისიას.
ნ. ლანდია დაჯილდოვებული იყო “საპატიო ნიშნის” (1966 წ.), “შრომის წითე-ლი დროშის” (1976 წ), “ხალხთა მეგობრობის” (1981 წ) ორდენებითა და მედლებით (1944, 1945, 1975 წწ.).
1967 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ნიკოლოზ ლანდია 65 წლის ასაკში 1984 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა.