შეხვედრა აკადემიის უცხოელ წევრთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან
- დეკემბერი 13, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიდინარე წლის 13 დეკემბერს შედგა შეხვედრა ცნობილ ექიმთან ისმეთ დინდარ-მიქელაძესთან და მისთვის აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ექიმი მეცნიერებათა აკადემიის 2019 წლის 17 ივნისის საერთო კრებამ აირჩია აკადემიის უცხოელ წევრად.
ისმეთ დინდარ-მიქელაძე ინვაზიურ კარდილოგიაში კორონარული ანგიოგრაფიის, ბალონირების, სტენტირების მიმართულებით თურქეთში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამოცდილი პროფესიონალია. ამ მიმართულებით მას საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ჰყავს აღზრდილი. პირველად სწორედ მან ჩაატარა აქ ბალონირება-სტენტირების პროცედურა.
ისმეთ დინდერ-მიქელაძე მის მიერ განხორციელებული საზოგადო და პროფესიული საქმიანობით საქართველოსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს. ამ მიმართულებით გაწეული მუშაობისათვის მას უმარავი მადლობის სიგელი და საპატიო ჯილდო აქვს მიღებული. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაეცა ღირსების ორდენი, 2016 წელს კი მიენიჭა „საუკუნის ექიმისა „ და „პერსონა 2016“ წოდება, 2002 წლიდან არის საქართველოს საპატიო მოქალაქე.
2015 წელს საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ისმეთ დინდარ-მიქელაძის პირადი ძალიხმევით 130 საწოლიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნა, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა „ბაუ – ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. იგი დღემდე ამ უნივერსიტეტის რექტორი და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორია.
ცნობილი ექიმი თურქეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემს ქართველ ხალხსა და მომავალ ექიმებს.