საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 17, 2019
2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მეოთხე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქვეყანაში ტრანსპლანტოლოგიის პრობლემურ საკითხებს.
სხდომაზე, მოწვეული ექსპერტების მიერ, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სხვადასხვა ფორმის ფინანსური ანალიზი; თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები; ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების ეტაპები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ თირკმლის ტრანსპლანტაცია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ყველაზე იაფი მეთოდია და ამ ოპერაციების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგს მოუტანს სახელმწიფო ბიუჯეტს. საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის განვითარების წინაშე დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებიდან დასახელდა: დონორ-რეციპიენტის მართვის ერთიანი სახელმწიფო გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა, მათი ოპერაციისწინა და ოპერაციისშემდგომი ადექვატური მართვისათვის აუცილებელი სპეციალისტთა მულტიდისციპლინარული გუნდის ჩამოყალიბების აუცილებლობა; დონორ-რეციპიენტის წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და მომზადებისათვის აუცილებელი ფინანსების დეფიციტი; თანამედროვე იმუნოსუპრესიული რეჟიმების დანერგვის აუცილებლობა და სხვა.
სხდომას დაესწრნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, ქართული მედიცინის ექსპერტები.
საკითხების მეცნიერული ანალიზის შედეგად, „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისია“ შეიმუშავებს სპეციალურ რეკომენდაციებს აღმასრულებელი სტრუქტურებისადმი განხილული პრობლემატური საკითხების მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით.