ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 18, 2020
ცენტრის 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის (რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი) მოხსენება თემაზე: „წყალბადის დიზელი – მომავლის ძრავა. შექმნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი გლობალური ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სატრანსპორტო ენერგეტიკის განითარებაზე. ცხადი გახდა, რომ ამ ენერგეტიკის მთლიანი გადართვა ელექტროენერგიაზე შეუძლებელია, ხოლო ნაწილობრივი გავრცელება კი ენერგეტიკულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში, აქტუალური გახდა წყალბადის საწვავის ფართო დანერგვა პრაქტიკაში, მით უმეტეს, რომ წყალბადის, როგორც განახლებადი საწვავის გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას ნაკლებად დამოკიდებულს ხდის ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნებისაგან.
მომხსენებლის მიერ ძვირადღირებული ექსპერიმენტები ჩატარდა გერმანიაში და ჩინეთში. ყველა დღემდე ცნობილი წყალბადის ძრავა მუშაობდა და მუშაობს ნაპერწკლური ანთებით, ანუ ოტოს ციკლით, ხოლო მომხსენებლის მიერ პირველად იქნა გამოკვლეული ახალი მიმართულება – აირადი წყალბადის უშუალო შეფრქვევით მომუშავე დიზელი და მეცნიერულად დასაბუთდა მისი უპირატესობანი. კვლევის შედეგად მიღებულია წყალბადშემცველი სინთეზ-გაზებისა და ჰაერის ნარევის თვითაალების შეფერხების პერიოდის საანგარიშო ფორმულები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა კვლევით ცენტრებში. ნავიე-სტოქსის, ფურიე-კირჰოფის, ფიკისა და უწყვეტობის ფუნდამენტურ განტოლებათა საფუძველზე დამუშავდა წყალბადის ძრავას ცილინდრში მიმდინარე ტურბულენტური დინების, წვისა და აზოტის ჟანგეულების წარმოქმნის პროცესების სამგანზომილებიანი არასტაციონარული მათემატიკური მოდელი. ჩატარდა ტურბულენტობისა და წვის პროცესის მოდელირება, მათემატიკური მოდელის ვერიფიკაცია ექსპერიმენტის შედეგების გამოყენებით. კვლევის შედეგები გამოქვენებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.