ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- თებერვალი 20, 2020
მიმდინარე წლის 19 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ენერგეტიკული მიდგომა ფარმაკოლოგიასა და მცენარეთა დაცვაში“, – წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ ჭირაქაძე. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, – „მარტივი და თვალსაჩინო მათემატიკური მოდელი – ეგრეთ წოდებული იზობოლების მეთოდი – მოდიფიცირდა და გამოყენებულ იქნა სამი ინსექტიციდური პრეპარატის ნარევი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოქმედების სინერგიზმის რაოდენობრივი შეფასებისთვის. მიღწეული შედეგები ხელს უწყობს მკვლევარებს იზობოლების მეთოდის და ინ-სილკო ექსპერიმენტების გამოყენებით უფრო აქტიურად შეიმუშაონ უკვე კარგად შესწავლილი ცალკეული ინსექტიციდური პრეპარატებიდან სინერგიული ნარევები.
სტუ საინჟინრო ფიზიკის პრობლემების ინსტიტუტში და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მუშავდება განსაკუთრებული თვისებების მქონე ნანომასალების და თხევადი კრისტალების გამოყენებით კიბოს კომბინირებული ლოკალური მკურნალობის ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ერთდროულად მოიცავს მაგნიტური ჰიპოთერმიით, რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით და ფოტოდინამიური ეფექტით გამოწვეული პოზიტიური ზემოქმედების სინერგიულობის შეფასებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას კიბოს კომპლექსური ნანო-თერაპიისთვის.
კვლევის პროცესში მიღებული შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში შიძლება შეიქმნას კიბოს ნანოთერაპიის მაღალეფექტური პილოტური პრეპარატები, რომლებიც დაექვემდებარება წინაკლინიკური გამოცდების საერთაშორისო მოთხოვნებს და შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში ახალი თაობის ნანოპრეპარატების სამრეწველო წარმოებას“.