აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოხსენება
- მარტი 4, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ეკონომიკური პოლიტიკის მიმართება ეკონომიკურ მეცნიერებასთან და პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილება“ წარსდგა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, – „არც თუ იშვიათად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმთავრეს ხელშემშლელ ფაქტორად მისი პოლიტიზაცია აღიქმება. სინამდვილეში ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და ამდენად, „ეკონომიკის პოლიტიზაციის“ თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი არის. პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც „ეკონომიკის პოლიტიზაციის“ განმაპირობებელი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც არ ემყარება ეკონომიკური მეცნიერების მიღწევებს. თუ ეკონომიკური პოლიტიკა არა მარტო დაცილებულია ეკონომიკურ მეცნიერებას, არამედ, ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება კიდეც მის ელემენტარულ დებულებებს, მაშინ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკასთან მიმართებაში გატარებულ ამგვარ პოლიტიკას „არაეკონომიკური პოლიტიკა“ უნდა ეწოდოს. „არაეკონომიკური პოლიტიკის“ გამომწვევ მიზეზთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავად ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებული მცდარი შეხედულებები, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაპროფესიონალიზმი, და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ეროვნული მთავრობებისადმი მიცემული მცდარი რეკომენდაციები. პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილება იძლევა არაერთ თვალსაჩინო მაგალითს, როდესაც შესაბამის მთავრობათა მიერ გატარებულ იქნა „არაეკონომიკური პოლიტიკა“, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებით აისახა ქვეყნის გავითარებაზე. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად კი გატარებულ იქნა ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რომელთა შედეგადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაძლეულ იქნა ჰიპერინფლაცია, მიღწეულ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გატარებულ იქნა ფულის რეფორმა, რის შედეგადაც შემოღებულ იქნა ეროვნული ვალუტა – ლარი. შესაბამისი რეფორმები სრულად ეფუძნებოდა ეკონომიკურ მეცნიერებას. უმთავრესი პრობლემა არის ეკონომიკური პოლიტიკის ეკონომიკურ მეცნიერებასთან დაახლოება, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები იქნებიან მაღალპროფესიონალი ეკონომისტები“.