ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მარტი 6, 2020
მიმდინარე წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამ“ მორიგი სხდომა ჩაატარა, რომლის თემა გახლდათ – „ქართული სკოლის მოდელი“, ხოლო მომხსენებელი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგო დუმბაძე.
სხდომა გახსნა კომისიის თავჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. კომისიის წევრებს მომხსენებელმა მოკლედ გააცნო წარმოდგენილი პროექტის შინაარსი და ამ პროექტის სამომავლო მიზნები. როგორც მან აღნიშნა, – მას შემდეგ, რაც საბჭოთა წყობის ნანგრევებზე საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემაში სირთულეების მიუხედავად, ბევრი რამ გაკეთდა. მაგრამ, ე. წ. გარდამავალ პერიოდში განათლება და მეცნიერება გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩდა; ხოლო, 2003 წლიდან კი სასიცოცხლო ფუნქცია გამოეცალა; ეს ეხება სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და ა.შ. შექმნილი მძიმე ვითარების დასაძლევად, დაიწყო რეფორმები.
მომხსენებელმა კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო მის მიერ შემუშავებული „ქართული სკოლის მოდელის“ სტრუქტურა და ძირითადი ასპექტები.