ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მარტი 10, 2020
ცენტრის 2020 წლის 6 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორების მანანა კაჭახიძისა და ნინო კაჭახიძე-მერფის მოხსენება: „მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოდელი და ძლიერი მიწისძვრების პროგნოზირების მეთოდები“. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მიწისძვრის მომზადების, მოხდენის და შემდგომდროინდელ (ავტერშოკების ჩაცხრომამდე) პერიოდებში თითქმის ყველა გეოფიზიკური ველი განიცდის ანომალურ შეშფოთებებს. მომხსენებლებმა, კვლევების საფუძველზე, შეძლეს ზემოთ აღნიშნული ანომალური გეოფიზიკური ველების კლასიფიცირება და იმის დადგენა, რომ ერთადერთ ველად, რომელსაც მიწისძვრის მომზადების შესახებ კერიდან მოაქვს ის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მიწისძვრის პროგნოზირებისათვის აუცილებელი სამი პარამეტრის (მიწისძვრის მოხდენის ადგილი, დრო და მაგნიტუდა), განსაზღვრა, შეიძლება ჩაითვალოს მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ჯგუფის წევრების მიერ შეიქმნა ამ გამოსხივების გენერაციის მოდელი და მიწისძვრის წინასწარმეტყველების მეთოდოლოგია, რომელიც მოხსენებული იქნა ევროპის გეოფიზიკურ ასამბლეაზე. ამ შეხვედრისას გაირკვა, რომ ქართველი მეცნიერების კვლევები სრულიად განსხვავებული და ორიგინალური იყო მიწისძვრის პროგნოზირების თვალსაზრისით და გამოითქვა აზრი, რომ აღნიშნული მეთოდოლოგია გასინჯულიყო რეალურ მონაცემებზე. ქართულ ჯგუფს ნება დაერთო გამოეყენებინა მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების ევროპის ქსელის მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ძლიერი მიწისძვრებისთვის, ჩამოყალიბდა პროგნოზირების მეთოდები, რომელიც, მიწისძვრის წინ არსებული დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მონიტორინგის შემთხვევაში, იძლევა შესაძლებლობას ერთდროულად განისაზღვროს მიწისძვრის პროგნოზირებისათვის აუცილებელი სამივე პარამეტრი.