აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი – 80
- ივნისი 10, 2020
გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. იგი თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობით, საერთაშორისო ავტორიტეტითა და აღიარებით არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის, არამედ ფილოლოგიურ და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთაც.
რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ბერძნული ცივილიზაციის ისტორია, ბერძნული მითოლოგია, ჰომეროლოგია, ბერძნული ენათმეცნიერება, ეგეისტიკა, მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობები.
იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და უკრაინაში.
რისმაგ გორდეზიანის პედაგოგიური საქმიანობა 45 წელზე მეტს ითვლის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, როგორც მოწვეულ პროფესორს, მას სასწავლო კურსები და საჯარო ლექციები წაკითხული აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მისი თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებას – ახალ ბერძნულ ფილოლოგიას, რიომელიც დღემდე მისი უშუალო თანადგომით ვითარდება. რისმაგ გორდეზიანი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, არჩეულია აკადემიის ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით. იგი არის საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი; გარდა ამისა, არის საბერძნეთის ღირსების ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი.