საქართველოში მედიცინის აქტუალურ პროვლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 1, 2020
2020 წლის 30 ივნისს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მეექვსე სხდომა, რომელიც მიეძღვნა უშვილობის პრობლემებს. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან ხაზი გაუსვა უშვილობის პრობლემის მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალწახნაგოვანი პრობლემა, რომელშიც იკვეთება მედიცინის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. მომხსენებლებმა ყურადრება გაამახვილეს უშვილობის პრობლემის აქტუალობაზე საქართველოსთვის, ქალისა და მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის
მართვის თანამედროვე პრინციპებზე. მსმენელები გაეცნენ მედიცინის ამ დარგის განვითარების მოკლე ისტორიასა და ძირითად ეტაპებს. აღინიშნა, რომ ხელოვნური განაყოფიერება, როგორც უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის მეთოდი, საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა და დღემდე წარმატებით წარმოებს. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით პირველი ბავშვი საქართველოში 1999 წელს გაჩნდა, რაც პირველი შემთხვევა იყო სამხრეთ კავკასიაში. ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიების მწარმოებელი კლინიკების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება ისევე, როგორც
წარმოებული ციკლებისა და დაბადებული ბავშვების რაოდენობა. მიუხედავად მიღწევებისა, მედიცინის ამ დარგში მრავლად არის პრობლემები, რომელთა ნაწილიც გააანალიზეს მომხსენებლებმა. კერძოდ, აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში 200 000-მდე უშვილო წყვილია. მათი გამოვლენა და ნაადრევი რეფერალი სპეციალისტებთან შეამცირებს ქვეყანაში არსებულ უშვილობის პრობლემას. აუცილებელია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთიანი, ეროვნული რეგისტრის შექმნა, რომელშიც ჩაერთვებიან ამ დარგში მოღვაწე ყველა კლინიკები. ხაზი გაესვა უშვილობის მართვის ერთიანი ნაციონალური ალგორითმის შემუშავების
მნიშვნელობას, რომელიც დღეისათვის არ არსებობს. შემოთავაზებულ იქნა პოლიპროფილური სამუშაო ჯგუფების შექმნა დარგის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც იმუშავებენ პრობლემის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. სახელმწიფოს მხრიდან ინ ვიტრო განაყოფიერების ნაწილობრივი, ან სრული დაფინანსების
შესაძლებლობის განხილვა ასევე მნიშვნელოვან საკითხად ჩაითვალა. მოხსენებების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია. მასში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა, აკადემიკოსებმა, ექსპერტებმა და დარგის წარმომადგენლებმა. სხდომა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ რეპროდუქტოლოგია, როგორც მედიცინის დარგი საქართველოში აქტიურად ვითარდება. ქვეყანა ამ მხრივ ლიდერია რეგიონში. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს პროფესორ არჩილ ხომასურიძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისათვის მედიცინის ამ დარგის განვითარების საქმეში. აღინიშნა, რომ კომისია მოამზადებს შესაბამის
რეკომენდაციებს, რომლითაც წარდგება სამთავრობო სტრუქტურების წინაშე.