ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
- ივლისი 8, 2020
მიმდინარე წლის 8 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნა-გამოყენებას, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარების ხელშეწყობას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, ინოვაციური საქმიანობის თვითრეგულირების ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში სამეცნიერო საზოგადოების მონაწილეობას, სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციის ხელშეწყობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ასევე, ურთიერთთანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში; სამეცნიერო დისკუსიების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას; სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების და სხვა ნაშრომების ექსპერტიზისა და რეცენზირების და ასევე სადოქტორო დისერტაციების თანახელმძღვანელობას; საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლების მიწვევას აკადემიაში სხვადასხვა სახის აქტივობებში, მათ შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში შექმნილ კომისიებში მონაწილეობას.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს – ერთობლივად შექმნილი კომისიის შეფასების საფუძველზე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნდამენტური თუ გამოყენებითი სახის თემებისა და პროექტების გამოვლენას, რომელთაც მიენიჭებათ „ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრემია“.
მემორანდუმის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით.
მემორანდუმს ხელს აწერენ აკადემიის მხრიდან – პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან – რექტორი დავით გურგენიძე.