აკადემიის საერთო კრება
- ივლისი 16, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 15 ივლისს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც ტრადიციისამებრ გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებას თავმჯდომარეობდნენ აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საერთო კრების მთავარი და უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ აკადემიის ნამდვილი წევრების – აკადემიკოსების არჩევნები. ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც 16 წევრისაგან შედგებოდა, თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია. არჩევნები ჩატარდა ფარული კენჭისყრით, რომლის შედეგიც ასეთია, – აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეულ იქნენ: ომარ გოგიაშვილი (სპეციალობა „ფილოსოფია, პოლიტოლოგია“); მიხეილ კაკაბაძე (სპეციალობა „გეოლოგია’); ვანო პაპუნიძე (სპეციალობა „ტყის განახლება და ეკოლოგია“) და კონსტანტინე ფიცხელაური (სპეციალობა „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა“).
საერთო კრებაზე ასევე არჩევნების წესით აკადემიის პრეზიდიუმის წევრად აირჩა აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.
კრებაზე სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა, პროფესორმა გონელი არახამიამ წარმოადგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, რომელიც ერთხმად დამტკიცდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკადემიკოს ინესა მერაბიშვილს 70 წელი, შეუსრულდა. ამის გამო პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მას მისალოცი ადრესი გადასცა და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.