მკვლელი ორგანიზმების ფორმირების ფსიქობიოლოგიური ანალიზი
- სექტემბერი 16, 2020
ქართულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული სამი ათეული წლის მანძილზე, გამოიარა უაღრესად რთული, დაძაბული, სტრესებითა და ხშირ შემთხვევაში კატაკლიზმებით (სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია და სხვა) სავსე პერიოდი, რომელსაც არ შეიძლებოდა უარყოფითი კვალი არ დაეტოვებინა საზოგადოებაზე. სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. ესენია:
– ზღვარგადასული ურთიერთაგრესია საზოგადოებასა და სოციუმში
– ოჯახური ძალადობა
– სუიციდი
– მკვლელობები, და სხვა
უფროსი თაობის მკითხველი დამეთანხმება, რომ ურთიერთ- და თვითაგრესიის მსგავსი უკიდურესი ფორმით გამოვლინებები არც ისე ხშირი იყო წინა საზოგადოებრივ ფორმაციაში. ისევე, როგორც ყველა მოვლენას ბუნებაში, ამ ფაქტებსაც მეცნიერულად დასაბუთებული შესწავლა და ანალიზი სჭირდება. რა არის ამ მოვლენების ფსიქოლოგიური და პათოფიზიოლოგიური მექანიზმები? რა ფაქტორები იწვევენ ადამიანში ურთიერთ- და თვითაგრესიის პათოლოგიური ფორმებით გამოვლენას? რა უარყოფით გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიების (მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი და სხვა) უკონტროლო გამოყენება მოზარდისა და ახლაგაზრდის ფსიქიკაზე? აქვს თუ არა ტელევიზიითა და სხვა მედია საშუალებებით აგრესიის მუდმივ ტირაჟირებას ნეგატიური გავლენა პიროვნებათშორის ურთიერთობებზე? და ბოლოს, როგორია ამ ფაქტორების ადრეული ამოცნობის, მართვისა და რაც მთავარია, პრევენციის გზები?
აი ჩამონათვალი იმ ძირითადი საკითხებისა, რომლებიც თანამედროვე ფიზიოლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქობიოლოგების კვლევის საგანს შეადგენს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ქართული მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისია“ წარმოგიდგენთ ზემოთ დასმული საკითხების მეტად საინტერესო ანალიზს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ნუგზარ ალექსიძე, საკუთარი მეცნიერული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე, წარმოგვიდგენს დასმული საკითხებისა და პრობლემების ინოვაციურ ხედვას და მათი პრევენციის გზებს.
შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
achkhotua@gmail.com
aleksidze.nugzar@yahoo.com
პროფესორი არჩილ ჩხოტუა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული
„ქართული მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარე