შეხვედრა „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებთან
- სექტემბერი 16, 2020
2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე შეხვდა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებს. ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ წარმოადგინა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ეროვნული ენის თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია „ქართული ენის თესაურუსის (ისტორიული ლექსიკონის)“ პროექტი, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურის სალექსიკონო ფონდის ბაზაზე აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ „თესაურუსის“ პროექტი, რომელიც რამდენიმე მასშტაბური ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს, სრულად პასუხობს ქართველოლოგიის უახლეს გამოწვევებს და იმ ამოცანებს, რაც ქართული მეცნიერების წინაშე დაისახა იუნესკოს მიერ 2016 წელს „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლად აღიარებით. ეს პროექტი უახლესი გამოწვევების შესატყვისია იმ მხრივაც, რომ ის ტექნოლოგიურად სრულად უპასუხებს ქართული ენის უმდიდრესი ისტორიული წყაროების ინოვაციური ციფრული უზრუნველყოფის ამოცანებს, რასაც განვითარებული ევროპული ქვეყნების თანამეგობრობა ეროვნული ენების თანამედროვე სრულფასოვანი განვითარების უმთავრეს პირობად სახავს. კერძოდ, „თესაურუსის“ სამუშაოებს ემსახურება უნიკალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ტექსტური ბაზების მომზადებასა და ენობრივ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებას (ლემატიზაციას), რაც მეცნიერებისა და განათლების ინტეგრირების უახლესი ამოცანების გადაწყვეტის გზა გახლავთ.
გამომსვლელებმა, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, პროფესორებმა პარმენ მარგველაშვილმა და მარინე ივანიშვილმა, მეცნ. თანამშრომელმა მზია ბოლქვაძემ ისაუბრეს „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის ნაყოფიერ და უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაზე, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ თანამშრომელთა ეს თავდაუზოგავი შრომა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია; საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავიდეს ტელევიზიით, პრესით, რათა უკეთესად წარმოჩინდეს და სწორი შეფასება მიეცეს მეცნიერთა მიღწევებს. გადაწყვიტეს, რომ აკადემიის პერიოდული გამოცემის „აკადემიის უწყებების“ შემდეგი ნომერი მთლიანად მიეძღვნას „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის საქმიანობას.