საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
- ოქტომბერი 12, 2020
2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, პრეზიდიუმის სხდომაზე, აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა პრეზიდიუმის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა. როგორც მან თავის მოხსნებაში აღნიშნა, 2017 წელს საქართველოში მორიგი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა. მართალია, კონსტიტუციის ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებული ცვლილებები, 1999 წლიდან მოყოლებული, პერმანენტულად მიმდინარეობდა, მაგრამ საკონსიტიტუციო რეფორმა, რომელიც იწვევდა ძირითადი კანონის ზოგად გადასინჯვას, 2017 წლამდე მხოლოდ ორჯერ – 2004 და 2010 წლებში ჩატარდა.
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად დასრულდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი. ჩამოყალობდა ევროპული ტიპის, დახვეწილი საპარლამენრტო მმართველობის სისტემა.
გაძლიერდა საქართცველოს პარლამენტი, მისი საზედამხედველო ფუნქციები, გამარტივდა მთავრობისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. დაწესდა პარლამენტისადმი მთავრობის რეგულარული ანგარიშვალდებულების წესი.
პარლამენტის არჩევნების შერეული სისტემა შეიცვალა პროპორციული საარჩევნო სისტემით. დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. მკაფიოდ გაიმიჯნა უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.
პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ ხელისუფლებას და კონსტიტუციურ ორგანოდ ჩამოყალიბდა.
თვისებრივად დაიხვეწა ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ნორმები. ახლებურად იქნა გადმოცემული საკუთრების, ქორწინების და სხვა უფლებები.
შემოღებულ იქნა ორმაგი ვიტუმით კონსტიტუციის გადასინჯვის წესი, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც წესი, მომდევნო პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში ამოქმედდება.
გარდამავალი დებულებით გამყარდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა კონსტიტუციური ორგანოების კონსტიტუციურ ვალდებულებად განისაზღვრა.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.