სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე
- ოქტომბერი 17, 2020
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. სხდომაზე განსახილველი საკითხები გახლდათ: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ,,ტრადიციული ლუდის სიწმინდის აქტის’’ წარდგენის ორგანიზაციული ღონისძიებები;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ივერი ახალბედაშვილი და საქართველოს მთიანეთში ტრადიციული ლუდის კულტურის აღორძინების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტრადიციული ლუდის წარმოების საინვენტარიზაციო აღწერის მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთობლივი საკვლევი ექსპედიციის მოწყობის ორგანიზაციული საკითხები; მომხსენებელი: – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსი, მარინე თაქთაქიშვილი; ასევე, ინფორმაცია საქართველოს მთიანეთში ტრადიციული ლუდის კულტურის აღორძინების საკითხებში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის შესახებ; მომხსენებლები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საპატრიარქოს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი მიქაელი.
ტრადიციული ლუდის სიწმინდის აქტი, რომელიც შედგენილია ტრადიციული კულტურის პრობლემებზე მომუშავე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოსა და ტრადიციული ლუდის კულტურის აღორძინების კავშირის მიერ, საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავლისმომცველია. მასში მოცემულია მისი მიზნები და ამოცანები; ტერმინების განმარტება; ლუდის ხარშვისას საჭირო იარაღ-ხელსწყოები; ლუდის წარმოშობის მოკლე ისტორია საქართველოში; დღევანდელი მდგომარეობის მოკლე აღწერა; ტრადიციული ლუდის დამზადების ტექნოლოგია; ლუდის ხარშვა და სხვა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ლუდის ხარშვას ეხება საქართველოში.
ტრადიციული ლუდის სიწმინდის აქტის ამოცანაა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ტრადიციული ლუდის წარმოების კულტურის განვითარებას, კონკურენტუნარიანი სასმელის წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. იგი ვრცელდება ტრადიციული ლუდის კულტურის აღორძინების კავშირის იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს ტრადიციული ლუდის სასაქონლო პროდუქციის წარმოებას და რეალიზაციას.