აკად. რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე ტომის წარდგინება
- იანვარი 5, 2021
2020 წლის 23 დეკემბერს, Online რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა და „სულაკაურის გამომცემლობამ” წარადგინეს აკად. რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მესამე, დამასრულებელი ტომის ბეჭდური ვერსია სათაურით –„ელინისტური ეპოქიდან გვიან ანტიკურობამდე“.
თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა, ისაუბრა „ბერძნული ცივილიზაციის“ სამტომეულისა და მისი მესამე, დამასრულებელი ნაწილის გამოცემის ისტორიასა და მის სტრუქტურაზე, შეეხო ბერძნული ცივილიზაციის მნიშვნელობას, მის ადგილსა და როლს კაცობრიობის ისტორიაში და, ზოგადად, „ბერძნული ფენომენის“ საკითხს. ბატონმა რისმაგმა ყურადღება გაამახვილა ანტიკური სამყაროს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ტენდენციებზე, ბერძნული ცივილიზაციის გავრცელების არეალსა და მის რეგიონულ თავისებურებებზე, განსაკუთრებულად გამოყო ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ სისტემებს შორის მიმდინარე ურთიერთქმედებისა და ურთიერთზეგავლენის პროცესები, წინა პლანზე წამოწია ამ პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული ელინისტური ხანის საზოგადოებების განვითარების თავისებურებანი. ამასთანავე ავტორმა საგანგებოდ განიხილა ანტიკური ხანის ისტორიის პერიოდიზაციის, კერძოდ კი გვიანანტიკური ეპოქის ქრონოლოგიის საკითხები.
პრეზენტაციის შემდეგ აზრი გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა – ელგუჯა ხინთბიძემ და რევაზ გაჩეჩილაძემ, პროფესორებმა – თინათინ დოლიძემ, ნანა ტონიამ, ირინე დარჩიამ, ეკატერინე კობახიძემ, ნელი მახარაძემ, ვალერი ასათიანმა და სხვებმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს ბატონი რისმაგის ნაშრომის დისტიპლინათაშორისი ხასიათი, მისი უაღრესად დიდი როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს.