
რევაზ გამყრელიძე
- მაისი 8, 2025
ქართულმა მეცნიერებამ დიდი დანაკლისი განიცადა. 98 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მათემატიკის ახალი დარგის – მართვის ოპტიმალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი რევაზ გამყრელიძე.
რევაზ გამყრელიძე დაიბადა 1927 წლის 4 თებერვალს ქუთაისში. 1945 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა მოსკოვში, სადაც დაამთავრა მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1950 წ.) და ასპირანტურა (1953 წ.), იმავე წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1960 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1953-1988 წლებში იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.მ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 1988-1997 წლებში – დიფერენციალური განტოლებების განყოფილების გამგე, 1997 წლიდან გარდაცვალებამდე – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი.
1969 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1981 წელს – სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2003 წელს – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
რევაზ გამყრელიძემ, თავის მასწავლებელთან, გენიალურ ლევ პონტრიაგინთან ერთად, მათემატიკის ახალ დარგს, მართვის ოპტიმალურ თეორიას დაუდო საფუძველი.
მართვის ოპტიმალური თეორია კლასიკური ვარიაციათა აღრიცხვის განზოგადება და მისი მეთოდების გაფართოებაა. ვარიაციათა აღრიცხვას საფუძვლად უდევს უმცირესი ქმედების პრინციპი, ოპტიმალური მართვის თეორიას კი პონტრიაგინის მაქსიმუმის პრინციპი, რომელიც თავიდან ჰიპოთეზის სახით იყო ჩამოყალიბებული. რ.გამყრელიძემ დაამტკიცა მაქსიმუმის პრინციპი მართვის წრფივი სისტემებისათვის და ააგო წრფივი სისტემების დასრულებული თეორია. ამ თეორიაში, რომელიც უკვე კლასიკურადაა აღიარებული, გამოვლენილი იყო ოპტიმალური მართვის არსი: ამოზნექილობის როლი, წრფივი სისტემების მნიშვნელობა, ოპტიმალური სინთეზის ხასიათი, რეგულარობის პირობის სახე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რ.გამყრელიძის მიერ აგებულმა წრფივმა თეორიამ დიდი ხნით განსაზღვრა საგნის სახე, ხოლო მისი გამჭვირვალობა და სისრულე დღემდე ნიმუშად რჩება უფრო რთული, არაწრფივი სისტემების მკვლევარებისათვის.
რ.გამყრელიძემ შემოიღო ოპტიმიზაციის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება – მცოცავი ოპტიმალური რეჟიმი, რომელიც მან საფუძვლად დაუდო პირველი რიგის აუცილებელი პირობების ზოგად აქსიომატურ თეორიას ოპტიმალური ამოცანებისათვის.
მონოგრაფიას, რომელშიც აისახა ოპტიმალური მართვის მათემატიკური თეორია, 1962 წელს იმ დროის უმაღლესი ჯილდო – ლენინური პრემია მიენიჭა.
შრომათა ციკლი, რომელიც რევაზ გამყრელიძემ ალგებრულ გეომეტრიასა და ალგებრულ ტოპოლოგიაში შეასრულა, კლასიკურადაა აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკის ამ დარგების კვლევის მეთოდებმა არსებითი ევოლუცია განიცადა, რ.გამყრელიძის მიერ კომპლექსური ალგებრული მრავალსახეობის მახასიათებელი კლასების მრავალსახეობის პროექციული ინვარიანტების საშუალებით გამოსახვა და ამ კლასების ალგებრულობის დამტკიცება ისეთი საკითხია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის დარგის ვერც ერთი სპეციალისტი.
ცალკე აღსანიშნავია აკად. რ. გამყრელიძის პედაგოგიური მოღვაწეობა ვ.მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონი რეზოს მრავალრიცხოვანი მოსწავლეები მოღვაწეობენ მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-სასწავლო ცენტრში, მათ შორის საქართველოშიც. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი ხელმძღვანელობდა ცნობილ სემინარს მოსკოვის უნივერსიტეტში და ძნელად მოიძებნება მომდევნო პერიოდის გამორჩეული მათემატიკოსი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ამ სემინარის მონაწილე არ ყოფილიყო. სამეცნიერო სემინარი საბჭოთა კავშირის (ხოლო შემდეგ რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის ვ.ა.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, რომელსაც რ.გამყრელიძე ლევ პონტრიაგინის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მისი სამეცნიერო მემკვიდრე ხელმძღვანელობდა, გამორჩეული იყო თავისი სტილით და აგრძელებდა იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ელიტარული მოსკოვური მათემატიკური სკოლების უნიკალურობას უსვამდა ხაზს. დარგის მსოფლიოს ყველა წამყვანი სპეციალისტი თავს ვალდებულად თვლიდა და ცდილობდა ახალი შედეგებით წარმდგარიყო დარგის ფუძემდებლის, რევაზ გამყრელიძის სემინარზე. გონიერ ადამიანს, სპეციალისტი იქნება იგი თუ უბრალო მსმენელი, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი მოხსენების ან ლექციისათვის, გულგრილს ვერ დატოვებს ბატონი რეზოს თხრობის ელეგანტური და აზრის განვითარების ნათელი სტილი.
ოპტიმალური მართვის საფუძვლების ცნობილი სახელმძღვანელო, რომელსაც საფუძვლად დაედო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რ.გამყრელიძის მიერ წაკითხულ ლექციათა ციკლი და რომელიც ორჯერ გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო შემდეგ ითარგმნა ინგლისურად და გამოსცა ამერიკულმა გამომცემლობა „პლენუმ პრესმა”, არის ზოგადმათემატიკური ტრაქტატი, რომელიც მსოფლიო საუნივერსიტეტო კურსების საუკეთესო ტრადიციების მატარებელი სახელმძღვანელოა. ასეთი სახელმძღვანელოს შექმნას ხელი შეუწყო რუსული, ამერიკული და ევროპული მათემატიკური განათლების სისტემების თანმიმდევრულმა ცოდნამ. ბატონი რეზო მეგობრობდა ამერიკელ და ევროპელ იმ მეცნიერებთან, რომლებიც თავიანთი ქვეყნების სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის სათავეებში იდგნენ. რამდენიმე ძველი თაობის დასავლელი მეცნიერი თავის მემუარებში მოიხსენიებს ახალგაზრდა მათემატიკოსს – რევაზ გამყრელიძეს, როგორც დასავლური ტიპის მოაზროვნეს და მეცნიერს. რევაზ გამყრელიძეს ლექციათა კურსები წაკითხული აქვს მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრში. “ცივი ომის” პერიოდში რ.გამყრელიძეს თავიანთ უნივერსიტეტებში, ლოს ანჯელესსა და ნიცაში უმასპინლეს ლეგენდარულმა მათემატიკოსებმა რიჩარდ ბელმანმა და ჟან დიედონემ.
რ.გამყრელიძის ფართო ხედვა მეცნიერებაში კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათემატიკურ მეცნიერებათა გამოცემების მთავარ რედაქტორად მისი მუშაობის პერიოდში საბჭოთა კავშირის (ამჟამად რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მრავალტომიანი გამოცემები მათემატიკის ყველა დარგში, რომელთა თემატიკას და ავტორებს რ.გამყრელიძე არჩევდა, საკმაოდ პოპულარული გახდა შინაარსის მრავალფეროვნებისა და გადმოცემული მასალის სისრულის გამო. სერია “მათემატიკის თანამედროვე პრობლემები: ფუნდამენტური მიმართულებები” გამომცემლობა “შპრინგერმა” ინგლისურ ენაზე თარგმნა და გამოსცა ას ტომად! დღემდე პოპულარული გამოცემა მათემატიკურ საზოგადოებაში ცნობილია “მწვანე ენციკლოპედიის” სახელწოდებით და ითვლება, რომ თუკი მათემატიკის რომელიმე დარგის მიღწევების გაცნობა გინდა, უნდა მიმართო გამყრელიძის “მწვანე ენციკლოპედიას.” რევაზ გამყრელიძის დიდი ავტორიტეტი და გავლენა მათემატიკურ საზოგადოებაზე განაპირობებდა პირველხარისხოვანი ავტორების მოზიდვას კონკრეტულ თემატიკაში. სიცოცხლის ბოლომდე, რევაზ გამყრელიძე იყო მისივე დაფუძნებული რამდენიმე მაღალრეიტინგული ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომელსაც გამოსცემს “შპრინგერი”. “შპრინგერი” გამოსცემს აგრეთვე რევაზ გამყრელიძის ინიციატივით საქართველოში დაარსებულ ზოგადმათემატიკურ ჟურნალს.
საქართველოში ოპტიმალური მართვის მათემატიკური თეორიის კვალიფიციური კადრების მომზადების სფეროში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რ.გამყრელიძის მიერ 1968 წელს დაარსებულმა კათედრამ, რომლის პირველი გამგე თვითონ იყო. ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტებში ამ კათედრაზე მომზადებული მრავალი პროფესორი წარმატებით მოღვაწეობს. მნიშვნელოვანია აგრეთვე რ.გამყრელიძის დამსახურება საინჟინრო მიმართულების მართვის თეორიის სპეციალისტების ჯგუფის ჩამოყალიბებაში.
რევაზ გამყრელიძეს მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია.
უკანასკნელ პერიოდში რევაზ გამყრელიძის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა მაქსიმუმის პრინციპის ინვარიანტულ ფორმულირებას, ჰამილტონურ ფორმალიზმს მართვის თეორიაში, ოპტიმალური მართვის გეომეტრიულ თეორიას. ამ პერიოდში მისი და მისი მოწაფეების მიერ განვითარებულმა გეომეტრიულმა მეთოდებმა გამოყენება ჰპოვა კვანტური სისტემების მართვის თეორიაში. გამყრელიძის მეორე ვარიაციის ფორმულები, კვადრატული ასახვის ტოპოლოგიური ინვარიანტები, ქრონოლოგიური აღრიცხვა მუდმივად გვხვდება თანამედროვე მათემატიკის სხვადასხვა, ერთი შეხედვით ერთმანეთისაგან შორს მდგომ დარგებში.
რ. გამყრელიძემ დიდი წვლილი შეიტანა რუსეთ-საქართველოს სამეცნიერო კავშირების განმტკიცებაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველ მეცნიერთა ნაყოფიერი თანამშრომლობა ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტთან.
დიდი იყო აკად. რ. გამყრელიძის ავტორიტეტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, განსაკუთრებით მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში. ბატონი რეზოს ობიექტური, პრინციპული სიტყვა არაერთხელ დაეხმარა განყოფილებას საქმიანობის სწორად წარმართვაში.
წავიდა ჩვენგან ქართულ მეცნიერების დიდი წარმომადგენელი, მაგრამ გავა წლები და დავიწყებას არ მიეცემა აკადემიკოს რევაზ გამყრელიძის – თვალსაჩინო მეცნიერის, მრავალმხრივ შემკობილი პიროვნების სახელი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თვალსაჩინო მაგალითია იმ დიდი წვლილისა, რაც მან მეცნიერების განვითარების საქმეში შეიტანა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდ მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს რევაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. რევაზ გამყრელიძის ნათელი სახე სამუდამოდ დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების ხსოვნაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,
აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება